სერბეთის პრემიერ-მინისტრ მილოშ ვუჩევიჩის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა.
ალექსანდრ ვუჩიჩის მიერ ახალ პრემიერად დასახელებულია მედიცინის პროფესორი, 62 წლის ჯურო მაკუტი, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და წარსულში მხარს უჭერდა ვუჩიჩის მმართველ სერბულ „პროგრესულ პარტიას“ (SNS).
როგორც ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, მთავრობა 18 აპრილამდე დამტკიცდება.
„ახალი მთავრობისთვის დიდი გამოწვევა იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და მოთმინებითა და თავშეკავებით მოქმედება. მთავრობას უნდა ჰქონდეს მკაფიო ვალდებულება მომავლის მიმართ და ჩვენი სურვილი და განზრახვაა, რომ წლის ბოლომდე სერბეთი გამარჯვებული და ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის პიედესტალზე დავაბრუნოთ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ვუჩიჩი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავდა, თუ მისი პარტია უმრავლესობის მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებდა. როგორც „როიტერსი“ წერს, მთავრობის მიერ კონტროლირებადი პარლამენტი, სავარაუდოდ, დაამტკიცებს მაკუტს ახალ პრემიერად. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არაფერი შეიცვალა, 2027 წელს სერბეთში ერთდროულად გაიმართება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.
სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ანტისამთავრობო აქციების ფონზე გადადგა. ვუჩიჩის მოწინააღმდეგეების მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის შექმნა იყო, რაც სერბეთის პრეზიდენტმა თავიდანვე გამორიცხა.
მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას სერბეთში ბევრი კორუფციას უკავშირებს. ეს სადგური ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა. რეაბილიტაციის ეს პროექტები ნაწილია იმ მეგაპროექტებისა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები – CRIC და CCCC . ამ მეგაპროექტებს ადგილობრივი კორუფციის მკვლევრები საეჭვოდ მიიჩნევენ.
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. სერბეთის ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები ალექსანდრ ვუჩიჩს და მის პარტიას ამომრჩევლების მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ამ ბრალდებებს უარყოფენ.
· რა კავშირშია სერბეთში დაწყებულ პროტესტთან ანაკლიაში გამარჯვებული ჩინური კომპანია
