22 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სტუდენტებისა და ფერმერთა პროფკავშირების მიერ იყო ორგანიზებული. სერბეთში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნული რკინიგზის სადგური 2021 და 2024 წლებში გარემონტდა. სერბულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის სააგენტოს თქმით, ჩამონგრეული ბეტონის ჭერი აღნიშნული სარემონტო სამუშაოების განმავლობაში არ განახლებულა. ის 1964 წელს ააშენეს.
ინციდენტის შემდეგ, რომელიც მომიტინგეების თქმით, ქვეყანაში ზოგადად გავრცელებული კორუფციის ბრალია, საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის მთავარი მოთხოვნაც ვუჩიჩმა და მომხდარზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ახლად აშენებული რკინიგზის ერთ-ერთი მონაკვეთი გახსნა და განაცხადა, რომ იგი ოპოზიციის მოთხოვნებს, დაინიშნოს გარდამავალი მთავრობა, არ დათანხმდება.
ნოემბერში მომხდარი ტრაგედიის გამო პროკურატურამ 13 პირი დააკავა, მათ შორის მთავრობის მინისტრები, რომელთა შემდგომ გამოშვებამაც გამოძიების კეთილსინდისიერად ჩატარების თაობაზე მოსახლეობაში სკეპტიციზმი გამოიწვია.