სერბეთის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა TurkStream-ის მილსადენის, რომელიც ევროპას რუსულ ბუნებრივ აირს აწვდის, აფეთქების გეგმაში, მიუხედავად უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებისა, რომ “უკრაინა უკვე წლებია ცდილობს ევროპა რუსულ ენერგორესურსს ჩამოაშოროს.”
სერბეთის კონტრდაზვერვის სამხედრო უსაფრთხოების სააგენტოს (VBA) დირექტორმა, დურო იოვანიჩმა, განაცხადა, რომ “სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი, რომ უკრაინელებმა სცადეს ორგანიზება” შეთქმულების, რომელიც მოიცავდა “სპეციალურად შეფუთულ, ჰერმეტულად დალუქულ, დეტონატორის თავსახურებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს.”
მისივე თქმით, “ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი არ ნიშნავს, რომ ის ასევე არის [აფეთქების გეგმის] შემკვეთი ან შემსრულებელი.” მან ასევე განაცხადა, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებებზე არსებული ნიშნებით, მწარმოებელი აშშ იყო.
5 აპრილს ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა.
“სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს ტელეფონით ვესაუბრე. სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ კრიტიკული გაზის ინფრასტრუქტურაში დესტრუქციული ასაფეთქებელი ნივთიერებები და მისი აქტივაციისთვის საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინა. გამოძიება მიმდინარეობს. დღეს შუადღეს თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოვიწვიე”. – წერს ორბანი.
“ჩვენი ინფორმაციით… მზადდებოდა დივერსიული აქტი” – განაცხადა ორბანმა ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
სერბეთში მომხდარ ინციდენტში უკრაინის პირდაპირ დადანაშაულების გარეშე, ორბანმა განაცხადა, რომ “უკრაინა უკვე წლებია ცდილობს ევროპა რუსულ ენერგორესურსს ჩამოაშოროს”.
“TurkStream-ის რუსული მონაკვეთიც მუდმივად სამხედრო თავდასხმების ქვეშაა. უკრაინის ქმედებები უნგრეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს” – დაამატა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ის, რასაც სამინისტრო აღნიშნულ შემთხვევასთან კიევის დაკავშირების მცდელობად მიიჩნევს.
“უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ეს მოსკოვის მიერ უნგრეთის არჩევნებში ძლიერი ჩარევის ფონზე, მორიგი რუსული ოპერაციაა” – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგიი ტიხიმ, X-ზე.
“მომზადებული საბოტაჟის” შესახენ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა უნგრეთის ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმაც, პეტერ მაგიარმა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა, სავარაუდოდ, ორბანის საარჩევნო პერსპექტივების გაძლიერებას ემსახურება.
“რამდენიმე ადამიანმა საჯაროდ მიუთითა, რომ კათოლიკური აღდგომის დღეებში, უნგრეთის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სერბეთში გაზის მილსადენზე ‘შემთხვევით' რაღაც მოხდებოდა. და ასეც მოხდა” – განაცხადა მაგიარმა.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.