27 თებერვალს აშშ-ს სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საკითხი განიხილა. მოკვლევა, რომელსაც კომიტეტი ატარებს, ეხება ოთხ ამერიკულ კომპანიას, რომლის დეტალებიც რუსულ საბრძოლო მასალებში შენიშნეს და ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილები მოსკოვს მეზობელი ქვეყნების გავლით მიეწოდება.
რესპუბლიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა განცხადებაში თქვა, რომ, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რუსეთში პირდაპირ ან ირიბად გააქვთ ამერიკული კომპანიების ნაწარმოები კომპონენტები.
“დღევანდელი მოსმენა ხაზს გაუსვამს აშშ-ს რუსეთისადმი დაწესებული სანქციების კიდევ ერთ ჩავარდნას. ექსპორტზე დაწესებული ფართო კონტროლის მიუხედავად, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებაში არის ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტი. ფირმების 70%-ზე მეტი. სიცხადისთვის, ქვედა კომიტეტს არ მიუღია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ სამხედრო კომპონენტების, როგორიცაა ნახევარგამტარები, მწარმოებლები აშშ-ს ექსპორტის კონტროლს არღვევენ. ამის ნაცვლად, წინასწარი ინფორმაციით, როგორც ჩანს, არასანქცირებული ქვეყნები, კერძოდ სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი აშშ-დან კომპონენტების იმპორტირებას ლეგალურად ახდენენ, შემდეგ, პირდაპირ, ან ირიბად, რუსეთში ნახევარგამტარები საბოლოო მომხმარებლამდე ექსპორტად გააქვთ. რუსეთის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს ამ და სხვა ექსპორტის კონტროლს ხაზს უსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების არაეფექტიანობას.” – თქვა სენატორმა ჯონსონმა.
სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტის გამოძიებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა განხილვაზე აღნიშნა, რომ სანქციები არაეფექტიანია და “რაღაც უნდა იღონონ”. მისივე თქმით, მას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადასცა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია, როგორ არიდებს რუსეთი სანქციებს.
ბლუმენთალმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ რუსეთში აკრძალული საქონელი მოსაზღვრე ქვეყნების გავლით შედის.
“პრეზიდენტმა ზელენსკიმ მითხრა, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, შეუწყდეს რუსეთს წვდომა ამ კომპონენტებზე. ამ დოკუმენტებში, რომლებიც მან გადმომცა, ნაჩვენებია, რომ ტექნოლოგია, რომელიც რუსეთის საბრძოლო მანქანას ქოქავს, შედის მესამე მხარის შუამავლებიდან და მოსაზღვრე ქვეყნებიდან… წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მესამე მხარის წარმომადგენელი შუამავლები, რომლებიც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში არიან ლოკალიზებული, გამოიყენებიან აშშ-ს ექსპორტის კონტროლის გვერდის ასავლელად.” – თქვა ბლუმენთალმა.
სენატორმა ბლუმენთალმა წინასწარი მონაცემების დასადასტურებელ არგუმენტად მოიყვანა რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში გამოძიების სამიზნე ოთხი ამერიკული კომპანიის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მაჩვენებლები. ზრდა საქართველოშიც შეინიშნება.
“ამ ოთხი კომპანიიდან, ექსპორტი ასტრონომიულად გაზრდილია ყაზახეთში, 2021-დან 2022 წლამდე გაათასმაგებულია, ამავე პერიოდში საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 34-ჯერ, სომხეთში 28-ჯერ, თურქეთში ექსპორტი გაორმაგდა და ფინეთში 1.5-ჯერ გაიზარდა.” – აღნიშნა ბლუმენთალმა.