აშშ-ში, 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტთან ერთად, სენატორთა ნაწილი და წარმომადგენელთა პალატის წევრებიც აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შტატში ხმის დათვლის პროცესი დასრულდა, რამდენიმე შტატში პროცესი კვლავ გრძელდება. არსებობს მოლოდინი, რომ რესპუბლიკური პარტია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს.
ამერიკის სენატი
5 ნოემბერს, ამერიკელთა ნაწილი, პრეზიდენტთან ერთად 34 სენატორს ირჩევდა. 33-ის ვინაობა უკვე ცნობილია, არიზონაში კი ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, შტატში მცირე უმრავლესობით დემოკრატი კანდიდატი ლიდერობს.
100-ადგილიან სენატში, არჩევნების შედეგების ამ დროის მონაცემებით, დემოკრატიულ პარტიას 46, ხოლო რესპუბლიკურ პარტიას 53 წარმომადგენელი ჰყავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატი კანდიდატი არიზონაში გამარჯვებას მოიპოვებს, მომდევნო ორი წლით სენატზე კონტროლს რესპუბლიკური პარტია მოიპოვებს. რადგან, მათ უმრავლესობისთვის საჭიროზე მეტი მანდატი უკვე აქვთ.
ახლა მთავარი კითხვა ის არის, ვინ იქნება რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის ლიდერი და პარტიის ლიდერი სენატში. რადგან, მიტჩ მაკკონელი, რომელიც სენატში პარტიას 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და წლების განმავლობაში იყო როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ლიდერი, თანამდებობას ტოვებს.
მაკკონელმა ამის შესახებ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, მას შემდეგ, რაც გაიზარდა შეშფოთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სენატორმა მაკკონელმა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის თანამდებობას ტოვებს და ახალ ლიდერს წარმატებები უსურვა. მაკკონელმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა დონალდ ტრამპს, რომელსაც ის წლების განმავლობაში აკრიტიკებდა.
ამ დროისთვის, ცნობილი არ არის ვინ უხელმძღვანელებს სენატში რესპუბლიკურ პარტიას.
მედიაში რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის არიან: ფლორიდელი სენატორი რიკ სკოტი, სამხრეთ დაკოტელი სენატორი ჯონ ტუნი და ტეხასელი სენატორი ჯონ ქორნინი.
ელონ მასკი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული და განიხილება ტრამპის ადმინისტრაციაში მრჩევლად, ტვიტერზე გამოკითხვას ატარებს იმის შესახებ თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს სენატს.
გამოკითხვაში, ამ დროისთვის, რესპუბლიკელი სენატორი რიკ სკოტი ლიდერობს, რომელიც სენატში 2018 წლიდან საქმიანობს. მანამდე კი, სენატორი სკოტი ორჯერ იყო ფლორიდის გუბერნატორი. არის 52 წლის, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანიაც, სადაც რესპუბლიკელ სენატორებს ამომრჩევლები მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ სენატორ სკოტის კანდიდატურას. ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სენატორები რომლებიც მათ შერჩეულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ, მომავალში მათ მხარდაჭერას დაკარგავენ და შესაბამისად თანამდებობებს.
დონალდ ტრამპის პოზიცია, ამ დრომდე, უცნობია
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამ დრომდე, არ საუბრობს სენატის უმრავლესობის მომავალი ლიდერის შესახებ. თუმცა, მოქმედ სენატორებს რესპუბლიკური პარტიიდან მოუწოდებს, 2025 წლის 20 იანვრამდე, მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეების დანიშვნას.
აქვე, ტრამპი ამბობს, რომ მის ადმინისტრაციას სენატის მხარდაჭერა დასჭირდება, რადგან დროულად უნდა მოხდეს ადმინისტრაციის დაკომპლექტება.
„ნებისმიერი რესპუბლიკელი სენატორი, რომელიც ეძებს სასურველ ლიდერის პოზიციას სენატში, მხარი უნდა დაუჭიროს [თანამდებობებზე] ჩვენ წარდგენილ კანდიდატურებს (სენატში!), რომლის გარეშეც ჩვენ ვერ შევძლებთ ხალხის დროულად დანიშვნას თანამდებობებზე. ზოგჯერ, ამ პროცესს ორი ან ორზე მეტი წელი სჭირდება. ეს არის ის, რაც მათ გააკეთეს ოთხი წლის წინ და ჩვენ არ შეგვიძლია ამის გამეორება. სასწრაფოდ გვჭირდება პოზიციების შევსება”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ექსში“.
ყველა პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, თავისივე პარტიის მიერ, კონგრესის ერთი ან ორივე პალატის კონტროლი, რადგან ორივე პალატას აქვს უფლებამოსილებები, რომლებსაც ახალი ადმინისტრაციის მუშაობისთვის და მათი გეგმების შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მაგალითად, სენატი ამტკიცებს ახალი ადმინისტრაციის წევრებს, მათ შორის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს. ყველა თანამდებობის პირი კი ანგარიშვალდებულია სწორედ სენატთან.
გარდა ამისა, სენატი ამტკიცებს მოსამართლეებს – როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე ფედერალურ დონეზე. კანდიდატებს კი პრეზიდენტი წარადგენს.
„არც ერთი მოსამართლე არ უნდა დაამტკიცოს [სენატმა] ამ პერიოდის [ხელისუფლების გადაბარების] განმავლობაში, რადგან დემოკრატები ცდილობენ თავიანთი მოსამართლეების წარდგენას, როცა რესპუბლიკელები იბრძვიან ლიდერობისთვის. ეს არ არის მისაღები! მადლობა“, – წერს ტრამპი.
გარდა ამ ორი მნიშვნელოვანი ფუნქციისა, სენატს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ბიუჯეტის დამტკიცების კუთხით და ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან მიმართებით.
წარმომადგენელთა პალატა
5 ნოემბერს, ამერიკის მოქალაქეებმა, ახალი წარმომადგენლები კონგრესის ქვედა პალატაშიც აირჩიეს. წარმომადგენელთა პალატის ახალი შემადგენლობა, ამ დროისთვის, სრულად ცნობილი არ არის, რადგან, რამდენიმე შტატში, ხმის დათვლის პროცესი გრძელდება.
435 წევრისგან შემდგარი პალატის წევრებს ყოველ 2 წელში ირჩევენ, უმრავლესობისთვის კი, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო. 11 ნოემბრის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკურ პარტიას 214 ადგილი აქვს მოპოვებული, დემოკრატიულ პარტიას კი 203. რაც ნიშნავს, რომ რესპუბლიკურ პარტიას უმრავლესობისთვის კიდევ ოთხი მანდატი სჭირდება. ამ დროისთვის, 6 ოლქში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ლიდერობენ, თუმცა დასათვლელი ხმების რაოდენობამ, შესაძლოა, შედეგი შეცვალოს, რის გამოც ამა თუ იმ შტატში, ამ დროისთვის, საბოლოო შედეგების გამოცხადებისგან თავს იკავებენ.
წარმომადგენელთა პალატის და სენატის ძველი შემადგენლობა, მუშაობას 2025 წლის 3 იანვარს დაასრულებს, როცა ახალადარჩეული სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრები ფიცს დადებენ. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კი პრეზიდენტის ფიცს 2025 წლის 20 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობის წინ დადებს. მან უკვე დაამტკიცა ინაუგურაციის გუნდი, რომელიც ღონისძიების მომზადებაზე იმუშავებს.
13 ნოემბერს, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ელოდებიან. ტრამპი ვაშინგტონში ამერიკის მოქმედმა, 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიწვია. სავარაუდოდ, შეხვედრის დაწყების წინ, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 2021 წლის 20 იანვრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამოჩდება.