სენატორი შაჰინი მიესალმება საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს ოფიციალური პირებისთვის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო.
“მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმაზე საქართველოში. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, და მკაფიოდ გამოაჩენს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი” – წერს სენატორი პლაფორმაზე X.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს ქართული ოცნებისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცავებს და სხვა კერძო პირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.
“აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე, როგორც ქართველი ხალხი სურვილს.
სახელმწიფო მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] გამოაცხადა უკვე ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა. ამის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო აკრძალვის პოლიტიკა…
დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვაწესებთ სავიზო აკრძალვებს ათეულობით პირზე და მათ შორის, ოჯახის წევრებზე, მათზე ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლებაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე…”
სანქციების ამ პირველ ნაკადში, მოიაზრებიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტის წევრები, პოლიცია და კერძო პირები”, – განაცხადა მეთიუ მილერმა. კითხვაზე, რამდენი ათეული ადამიანი მოიაზრება სანქცირებულთა შორის, იგი ზუსტ რიცხვს არ ასახელებს და ამბობს: “ეს არის, დაახლოებით, 20-დან 30-მდე პირი და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პირველი ნაკადია”.
მილერმა, ასევე განაცხადა, რომ სანქცირებული ადამიანებისთვის შეტყობინება არ გაუგზავნიათ: “ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვგზავნით შეტყობინებას, მაგრამ ისინი ამის შესახებ გაიგებენ, თუკი ეცდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას”. დამაზუსტებელ კითხვაზე, აფრთხილებენ თუ არა მათ, ვისაც მოქმედი ვიზა აქვს? – პრესსპიკერი ამბობს: “ვეჭვობ, ეს ასე მოხდა, რადგან ჩვენ ეს [აკრძალვა] დღეს ავამოქმედეთ”.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ მას კანონი უკრძალავს, დაასახელოს კონკრეტული პირები, ისინი, ვისაც სავიზო აკრძალვა შეეხო.