აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმცირესობის ლიდერი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ომის დაწყებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შაჰინის თქმით, 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში საერთაშორისო საზოგადოება უნდა გამოეფხიზლებინა, რომ კრემლს განზრახული აქვს მეზობელ სახელმწიფოებზე ბატონობა და საკუთარი აგრესიის მიჩქმალვა.
„რუსეთის ულმობელი ქმედებები საქართველოში წინ უძღოდა იმავე სტილის მოქმედებებს უკრაინაში, რაც დღეს სრულმასშტაბიანი ომით ვლინდება. ქართველ ხალხს კარგად ესმის, რას ნიშნავს „რუსული სამყარო“. სწორედ ამიტომ, ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ მთავრობის მცდელობებს, დააახლოოს ქვეყანა ანტიდემოკრატიულ, რუსული სტილის მმართველობასთან“, — აცხადებს შაჰინი.
მისი თქმით, ამ სამგლოვიარო წლისთავზე, შეერთებულმა შტატებმა კვლავ მტკიცედ უნდა უარყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ანექსია.
„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ დემოკრატიული ღირებულებების რღვევით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს, და რაც წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს, პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას, მან უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიცაა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, და ხელახლა დაუბრუნდეს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. მე კვლავ მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველ ხალხს და გავაორმაგებ ძალისხმევას ორპარტიული, ორპალატიანი MEGOBARI აქტის მიღებაზე“, — წერს შაჰინი.
