სენატორი, რომელის გავლითაც “ოცნება“ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, სენატში აღარ იქნება.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა სენატორმა სტივ დეინსმა სენატის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მონტანას სენატორმა სტივ დეინსმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მის შტატში კანდიდატების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა.
როგორც ამერიკული მედია წერს, დეინსის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოულოდნელი იყო. იგი ორი ვადით არჩეული სენატორი იყო, სენატში პირველად 2014 წელს მოხვდა, ხოლო 2020 წელს არჩევნებში მონტანის ყოფილი გუბერნატორი, სტივ ბულოკი დაამარცხა.
ცნობისთვის, რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი საქართველოში 2025 წლის მაისში იმყოფებოდა და „ქართული ოცნებისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მაშინ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ სენატორი საქართველოში პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფიისა და ნაბიჯების გასაჟღერებლად ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეეძლო გადაედგა იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ.
თბილისში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ კი სენატორმა განაცხადა, რომ „მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ორმხრივი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინ წაწევისთვის“.




