70-ით 29-ის წინააღმდეგ, ამერიკის სენატმა, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მიუხედავად სენატის გადაწყვეტილებისა, იმისთვის, რომ კანონპროექტს კანონად იქცეს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდაა დამტკიცოს, ხოლო საბოლოოდ, მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
95.34 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, 100-კაციან სენატში, მინიმუმ 60 ხმა სჭირდებოდა. დემოკრატ სენატორებს, 22-მა რესპუბლიკელმაც დაუჭირა მხარი იმისთვის, რომ სამი ქვეყნის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება მიეღოთ.
“ნამდვილად წლებია, რაც სენატს არ მიუღია ისეთი კანონპროექტი, რომელიც არა მარტო ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე ახდენს ასეთ დიდ გავლენას, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და დასავლური დემოკრატიების უსაფრთხოებაზეც”,- განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ დასავლური დახმარება რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად კრიტიკულია. იმავე არგუმენტის დამტკიცებას ცდილობს ამერიკელი კანონმდებლებისთვის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და მოუწოდებს მათ, რომ დროულად მისცენ მწვანე შუქი დახმარების პაკეტს.
უკრაინასთან ერთად, დახმარების კანონპროექტი მოიცავს ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარებასაც. ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზას მოსახლეობისა და უკრაინელებისთვის.
“ამერიკული დახმარება აახლოებს უკრაინას მშვიდობასთან და მსოფლიო სტაბილურობის აღდგენასთან, რაც გამოიწვევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდას ყველა ამერიკელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“,- დაწერა სოციალურ ქსელ “ექსში”, სენატის ნაბიჯის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ახლა კანონპროექტის ბედი წარმომადგენელთა პალატის ხელშია, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. უცნობია წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი, გადაწყვეტს თუ არა, რომ კანონპროექტი კენჭისყრაზე გაიტანოს.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მოუწოდებს თავის თანაპარტიელებს, რომ არ წავიდნენ დემოკრატებთან დათმობებზე და საიმიგრაციო ცვლილებების გარეშე, არ დათანხმდნენ უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.
გასულ კვირას, სენატმა არ დაამტკიცა 118 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი, რომელიც მოიცავდა, როგორც უკრაინის, ტაივანისა და ისრაელის დახმარებას, ისე საიმიგრაციო ცვლილებებისა და ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკეთ დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას. თუმცა, რესპუბლიკელებმა უარი თქვეს ამ კანონპროექტისთვის კენჭისყრაზე, რის გამოც, დემოკრატებმა სამი ქვეყნის სამხედრო დახმარების და ჰუმანიტარული დაფინანსების პაკეტი, ცალკე კანონპროექტად წარადგინეს.