აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დაადასტურა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვის დახმარების გამოყოფა, რაც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის 2026 წლის ფისკალური წლის დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) არის ყოველწლიური კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებას სამხედრო ხარჯების ოდენობას უდგენს.
NDAA-ს მიღებული დოკუმენტი მოიცავს დათქმას, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის პროგრამა 2028 წლამდე გახანგრძლივდება, ავტორიზებული თანხები კი წინა დოკუმენტთან შედარებით 300 მილიონიდან 500 მილიონამდე არის გაზრდილი.
ამას გარდა, მიღებული კანონპროექტი არ უჭერს მხარს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები საჰაერო ძალების შემადგენლობიდან ჩამოეწერათ. ნათქვამია, რომ A-10-ების რაოდენობა 2026 წლის ფისკალურ წელში 103 ერთეულს არ უნდა ჩამოსცდეს.
კანონპროექტი ძალაში შესვლამდე სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს. წარმომადგენელთა პალატას NDAA-ს საკუთარ ვერსიაში უკრაინის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების რაოდენობად 300 მილიონი დოლარი ჰქონდა დასახელებული.
tabula.ge
