საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სიგელი გადაეცა. დაჯილდოება საქსტატის 106 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, სემეკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.
„სემეკსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ გარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სტატისტიკური პორტალისა და სხვადასხვა დარგობრივი მონაცემების შემუშავებისა, უწყებებს შორის თანამშრომლობა მოიცავს სხვა მეტად მნიშვნელოვან სფეროებსაც. მათ შორის, 2024 წელს, სემეკის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის პროცესში. მოხარულნი ვართ, რომ გადმოგვეცა ჯილდო და გამოვთქვამთ მზადყოფნას მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა საზეიმო ღონისძიება გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
