საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „მტკვარი ჰესზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. აღსანიშნავია, რომ ჰესი სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამოქმედდა.
„მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ.
შეგახსენებთ, თავდაპირველად “მტკვარი ჰესის” პროექტი ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდს” ეკუთვნოდა. მისი განვითარება ფონდმა 2014 წელს დაიწყო 2024 წელს კი თითქმის დასრულებული სახით გაასხვისა. პირველადი შეფასებით, სამცხე-ჯავახეთში მდებარე 54-მეგავატიანი მტკვარი ჰესის აგება 140 მლნ დოლარამდე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ის 100 მლნ დოლარით გაძვირდა. სწორედ ამ პროექტს უკავშირდება ერთ-ერთი სამართლებრივი დავა ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის. ივანიშვილი დავობდა, რომ ჰესის პროექტის 100 მილიონი დოლარით გაძვირება გიორგი ბაჩიაშვილის როგორც თანაინვესტირების ფონდის მენეჯერის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა, მაშინ როდესაც აღნიშნული განპირობებული იყო იმით რომ 2017 წელს ჰესის მშენებლობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტის, 9.6-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანისას გვირაბის სათხრელი მანქანა TBM გაიჭედა, მაშინ როდესაც 7.3 კმ უკვე გაყვანილი იყო. მომხდარის გამო პროექტის სადერივაციო გვირაბის პროექტის შეცვლა გახდა საჭირო, რასაც დამატებითი საინჟინრო საპროექტო და სანებართვო სამუშაოები დასჭირდა. განახლებულ პროექტზე შესაბამისი ნებართვა სახელმწიფომ მხოლოდ 2019 წლის ივნისში გასცა, შემდეგ კი მშენებლობა კოვიდ პანდემიის გამო შეფერხდა, რასაც სამშენებლო მასალების მაღალი ინფლაციაც დაერთო, რასაც საბოლოოდ პროექტის ღირებულების 236 მილიონ დოლარამდე მატება მოჰყვა. შესაბამისად, დავა სწორედ პროექტის გაძვირებას შეეხება და მასში ივანიშვილი მოითხოვს ბაჩიაშვილის პატიმრობას იმის გამო, რომ მან როგორც მენეჯერმა არ გაითვალისწინა პროექტთან ასოცირებული შესაძლო საინჟინრო რისკები, რაც წარდგენილი იყო პროექტის შეფასების დოკუმენტში მაშინ როდესაც ფონდმა ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. ბრალდება ამ საქმეზე ბაჩიაშვილისთვის სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, თუმცა ბაჩიაშვილს უკვე შეფარდებული აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ქართუ ბანკის კრედიტის (კრიპტოვალუტის) საქმეზე.
