“სელფი მობაილი” Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა

ქართულმა მობილურმა ოპერატორმა “სელფი მობაილმა”, რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, პარტნიორობის ხელშეკრულება ევროპის წამყვან ტელეკომ კომპანიასთან Vodafone Group გააფორმა.
Vodafone-სა და სელფი მობაილს შორის შეთანხმდა არაბრენდირებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც Vodafone მხარდაჭერას უწევს სელფი მობაილს გაციფრულებაში, მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაში, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში. Vodafone “სელფი მობაილს” ასევე უზიარებს სერვისის გამოცდილებას და საკუთარ პროდუქტებსა და მომსახურებებზე აძლევს წვდომას.
“ტელეკომ სექტორი ნებისმიერი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია ზრდისთვის. დიდ ბრიტანეთში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება კარგად რეგულირებულმა და დინამიკურმა ტელეკომ სექტორმა მთელ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ძალიან მოხარული ვარ, რომ vodafone-მა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური სატელეკომუნიკაციო კომპანიაა ბრიტანეთსა და გლობალურად, პარტნიორობა დაიწყო სელფისთან. ეს სელფისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება, თუმცა ასევე ის სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკასა და მომხმარებელს”, – განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა.
ხსენებული თანამშრომლობის ფარგლებში პირველი პროდუქტი “სელფი მობაილის” მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ეს არის Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროგრამა, რაც სიახლეა საქართველოს ტელეკომ ბაზრისთვის. Vodafone -ის ლოიალობის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც კომპანია ოპერირებს. პარტნიორი ბაზრებიდან “სელფი მობაილი” ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პროგრამის ადგილობრივად ადაპტაცია განახორციელა.
ლოიალობის პროგრამის ბენეფიტები მოიცავს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს, რომლებიც ვრცელდება Vodafone -ის პროგრამაში შემავალ გლობალურ პარტნიორებზეც, მათ შორის ბევრისთვის საყვარელ და ნაცნობ ბრენდებზე, მაგალითად: Wolt, FiiT, SixT, Surfshark, Tickitto, Trip.com, HotelPlanner.
“პარტნიორობას ხელი მოვაწერეთ და უკვე ვუშვებთ ჩვენს პირველ საერთო პროდუქტს. ვცდილობთ, რომ რეალურად შევქმნათ რაღაც, მხოლოდ ქაღალდზე ხელმოწერის ნაცვლად. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი შესაძლებლობაა ისეთ ქვეყანაში შემოსვლა, როგორიც საქართველოა, რომელიც ახალგაზრდული დინამიკით გამოირჩევა, ბევრი ადამიანი ეწევა საინტერესო საქმიანობას და ამ ინდუსტრიაში ჩვენი კონტრიბუციის შეტანაც შეგვიძლია. ტექნოლოგიები, როგორც ელჩმაც აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სექტორია, როდესაც საქმე ქვეყანაში ინოვაციის დანერგვას ეხება”, – განაცხადა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში Vodafone-ის რეგიონალურმა დირექტორმა, იოჰანეს ჰიუმსმა.
ლოიალობის პროგრამით სარგებლობა უმარტივესია – სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება: შეთავაზებები საკვებ ობიექტებში, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის პოპულარულ აპლიკაციებზე, აქციები საუკეთესო ბრენდებზე, გასართობი ღონისძიებების ბილეთები, სამოგზაურო შეთავაზებები და მრავალი სხვა. ლოიალობის პროგრამას ბენეფიტები და ობიექტების ჩამონათვალი მუდმივად განახლებადია.
Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელეკომ ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს. მობილური სერვისის თვალსაზრისით, Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა. Vodafone ემსახურება კორპორაციულ კლიენტებსაც, ჯამში 4.8 მლნ კომპანიას. უშუალოდ Vodafone Partner Markets-ის მიმართულებით, ჯგუფი თანამშრომლობს ადგილობრივ ოპერატორებთან 45 სხვადასხვა ქვეყანაში.