სელფი მობაილი და Vodafone – ქართული ტელეკომის ახალი საფეხური
23 იანვარი, 2025 – ქართულმა მობილურმა ოპერატორმა სელფი მობაილმა, რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, გააფორმა ისტორიული პარტნიორობის ხელშეკრულება Vodafone Group-თან. ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის, რაც აისახება მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებულ სერვისებში.
Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს. მობილური სერვისის თვალსაზრისით, Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა.
Vodafone-თან პარტნიორობა მოიცავს ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარებას, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებას და ინოვაციების განვითარებას. ამ შეთანხმების ფარგლებში სელფი მობაილმა ადგილობრივ ბაზარზე პირველმა დანერგა Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს გლობალურ ბრენდებზე, მათ შორისაა Wolt, FiiT, SixT, Surfshark და სხვ.
ლოიალობის პროგრამით სარგებლობა უმარტივესია – სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება: შეთავაზებები საკვებ ობიექტებში, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის პოპულარულ აპლიკაციებზე, აქციები საუკეთესო ბრენდებზე, გასართობი ღონისძიებების ბილეთები, სამოგზაურო შეთავაზებები და მრავალი სხვა. ლოიალობის პროგრამას ბენეფიტები და ობიექტების ჩამონათვალი მუდმივად ემატება.
“ამაყები ვართ, რომ სელფი მობაილმა საქართველოს ბაზარზე შეძლო ევროპული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთერთი ლიდერის შემოყვანა. Vodafone- თან თანამშრომლობა არამხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა გახლავთ. Vodafone-თან პარტნიორობა ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოში არსებულ პოპულიარულ სერვისებზე და ახალ შესაძლებლობებზე მისცემს წვდომას,” — განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ. მისი თქმით: “ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ციფრული მომსახურება და ქვეყანა რეგიონალურ ლიდერად ვაქციოთ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით.”