ქართული მობილური ოპერატორი სელფი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, გაეროს გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა. გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.
„მოხარული ვართ, რომ სელფი შეუერთდა მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის წამყვან ინიციატივას. სელფისთვის, როგორც ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე მომართული კომპანიისთვის, კორპორაციული მდგრადობა ორგანიზაციის არსებობის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ისევე როგორც ცალკეული კონკრეტული პროექტების განხორციელებით, მხარს ვუჭერთ ქვეყანაში ისეთი სოციალური საკითხების გადაჭრას, როგორებიცაა განათლებაზე წვდომის გაზრდა, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, მდგრადობაზე ორიენტირებული ბიზნეს პრაქტიკის დანერგვა და სხვა. გვსურს გულითადი მადლობა მოვახსენოთ გარეოს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს მხარდაჭერისთვის“, განაცხადეს სელფი მობაილში.
გაეროს გლობალურ შეთანხმებას გააჩნია 68 ადგილობრივი ქსელი, მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში ეს ორგანიზაციაა UNGCNG-ი, რომლის მისიაა პროგრესული მომავლის შექმნა მდგრადი მიდგომების სტიმულირებით. ქსელი შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, გააუმჯობესონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მდგრადობის მიმართულებით, ასევე შეიმუშაონ მდგრადობის მიზნები.
UNGCNG სთავაზობს საგანმანათლებლო და გაეროს გლობალური შეთანხმების აქსელერაციის პროგრამებს, გამოცდილების გაზიარების სემინარებს, კონფერენციებსა და პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს. UNGCNG მხარს უჭერს წევრ ორგანიზაციებს კორპორაციული მდგრადობის სტანდარტის და გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის დანერგვაში. UNGCNG ეხმარება ორგანიზაციებს კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში, ასევეე ბიზნეს პოლიტიკაში, გეგმებსა და ყოველდღიურ ოპერაციებში მდგრადობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.unglobalcompact.ge