სებ: 60+ ადამიანების თაღლითობისგან დასაცავად სპეციალური ზომები დაინერგება

REUTERS/Dado Ruvic/Illustrationეროვნული ბანკის განცხადებით, საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებენ. სებ-ი მიზეზად მომხმარებელთა უფლებების დაცვას და შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილებას ასახელებს.
კერძოდ, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში. ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.
“განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა  უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.
ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.
კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ სავაჭრო ე.წ. “ფორექსი”, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის  უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება.
რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს მომხმარებელს, მოახდინოს მისი ინფორმირება  მომხმარებლის მიერ ინფორმაციის უკეთ გაანალიზების ხელშეწყობის მიზნით, რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი” – აცხადებს ეროვნული ბანკი.
სებ-ის ინფორმაციით, “რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ” მომხმარებელს 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის შესახებ და ეს დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს.
ახალი წესი სექტემბრიდან ამოქმედდება და პირველ ეტაპზე მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.
|აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს ფინანსურ სექტორში არსებული გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, ფინანსურ სექტორში ნდობის, სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.
ეროვნული ბანკი სამომავლოდაც განაგრძობს თაღლითობის რისკების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ეფექტიან რეაგირებას” – ნათქვამია განცხადებაში.