საქართველოს ეროვნულ ბანკს 25-დღიანი ვადა აქვს, რათა შეისწავლოს თუ რა გავლენა ექნება კონკურენტულ ბაზარზე “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვას – ამის შესახებ ეროვნულ ბანკში BMG-ის განუცხადეს. სებ-ის ინფორმაციით, შესაბამისი განაცხადით მათ “ბაზისბანკმა” 8 ივლისს მიმართა.
სებ-ის განმარტებით, ისინი შეისწავლიან რა გავლენა ექნება დაგეგმილ კონცენტრაციას ქვეყნის საფინანსო ბაზარზე. ამასთან, სებ-ში განმარტავენ, რომ ეს შესწავლა შეეხება უშუალოდ კონკურენტულ გარემოზე ამ კონცენტრაციის ეფექტის შეფასებას, ხოლო “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთის” შესყიდვის ნებართვის გაცემა სებ-ში დამოუკიდებელი წარმოების საგანი იქნება.
“საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს.
სს „ბაზისბანკის“ მხრიდან აღნიშნულ საკითხზე ეროვნულ ბანკში შეტყობინება წარმოდგენილ იქნა 2025 წლის 8 ივლისს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით დამტკიცებული „ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“ მე-18 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონკურენტულ გარემოსთან კონცენტრაციის თავსებადობის შეფასების მიზნით, ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის შედეგად ბაზარზე წარმოქმნილ კონკურენციის პირობებს, იმ პირობებთან მიმართებით, რომლებიც კონცენტრაციის არარსებობის შემთხვევაში იარსებებდა. ცალკეულ შემთხვევებში ეროვნულმა ბანკმა შეფასებისას შესაძლოა, ასევე გაითვალისწინოს ბაზარზე მოსალოდნელი განჭვრეტადი ცვლილებები გონივრულობის ფარგლებში.
კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ვალდებულია, არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდგომ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესით“ განსაზღვრული ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ;
ბ) შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან ან საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა.
დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი შეტყობინების საფუძველზე საკითხის განხილვა შეეხება მხოლოდ დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს და აღნიშნული წარმოების ფარგლებში არ ხდება გარიგების სახელშეკრულებო პირობების დეტალური შესწავლა. კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის დადასტურება თავისთავად არ გულისხმობს, რომ სს „ბაზისბანკი“ აუცილებლად შეძლებს სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების შეძენას. აღნიშნული საკითხის (გარიგების დასაშვებობის) განხილვა არის დამოუკიდებელი წარმოების საგანი,”- ნათქვამია სებ-ის მიერ მოწოდებულ წერილობით პასუხში.
“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვის შემთხვევაში საქართველოს საბანკო სექტორში ჩამოყალიბდება ბანკი, რომლის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სისტემის 10% იქნება.
გაერთიანებული ბანკის პარამეტრები:
გაერთიანებული ბაზისბანკი+ლიბერთი ბანკი – აქტივები 9.70 მილიარდი ლარი, სისტემის 9.87%, დეპოზიტები 6.3 მილიარდი ლარი, სისტემის 10.4%, კრედიტები – 7 მილიარდი ლარი, სისტემის 10.5%.
“ლიბერთი ბანკის” უკანასკნელი ფინანსური მონაცემებით, ბანკის მფლობელები არიან “ჰანიველ პარტნერსის” დამფუძნებლები, ირაკლი რუხაძე (31.4%); ბენჯამენ მარსონი (31.4%) და იგორ ალექსეევი (31.4%).
“ბაზისბანკის” მფლობელი კი ჩინური “ჰუალინგ ჯგუფია”.
