საქართველოს ეროვნულ ბანკის ცნობით, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან “ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი”.
შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პან გონგშენგმა მოაწერეს ხელი.
“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ ფინანსურ გარემოში საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, სისტემური რისკების შესამცირებლად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და ბიზნეს ურთიერთობის ხელშეწყობას, ასევე ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს”, – წერია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას თქმით, ქვეყნებს შორის “ერთობლივი ამოცანაა, რომ უფრი ეფექტური და დაახლოებული იყოს ორი ქვეყნის საბანკო სექტორი”.
“ჩვენი ერთობლივი ამოცანაა უფრო ეფექტური გავხადოთ და დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩინურმა მხარემ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა“, – თქვა თურნავამ.
“ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სებ-ი და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საბანკო სერვისების განვითარებას. მანდატის ფარგლებში კი ითანამშრომლებენ საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებულობის გაზრდას სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობის მიზნით”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
