საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა პან გონგშენგმა მოაწერეს ხელი.
ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმი ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
სებ-ის თანახმად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ ფინანსურ გარემოში საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, სისტემური რისკების შესამცირებლად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და ბიზნეს ურთიერთობის ხელშეწყობას, ასევე ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
„ჩვენი ერთობლივი ამოცანაა უფრო ეფექტური გავხადოთ და დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩინურმა მხარემ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ებ-ის ცნობით, მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.
მათივე ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სებ-ი და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საბანკო სერვისების განვითარებას.
„მანდატის ფარგლებში კი ითანამშრომლებენ საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებულობის გაზრდას სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობის მიზნით“, – აცხადებს სებ-ი.
