სებ-მა 50-ლარიანი ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

სებ-მა 50-ლარიანი ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
ეროვნულმა ბანკმა, ლარის შემოღებიდან 30 წლის თემაზე გამოსაშვები, საკოლექციო დანიშნულების, 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წელი სრულდება. ამ მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს მუშაობას აღნიშნულ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოსაშვებად, რისთვისაც აცხადებს ღია კონკურსს შესაბამისი დიზაინის ესკიზების შერჩევის მიზნით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარმოადგინონ თანდართული პირობების მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზებს დადგენილ ვადებში, გარდა შესაბამისი დიზაინის ესკიზების შესარჩევად საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი კომისიის წევრებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა.
ფულადი ნომინალის ზომები უნდა იყოს – ზომები: 137 მმ x 68 მმ; ფერი: შერეული/მრავალფეროვანი (ბანკნოტის ფერთა შეხამება მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს მიმოქცევაში არსებული ლარის ბანკნოტების ფერებისგან. რაც შეეხება კონცეფციას, უნდა წარმოჩნდეს საქართველო, როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, ის მნიშვნელოვანი პროექტები და მიღწევები ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურის, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში, რაც განხორციელდა ლარის შემოღებიდან დღემდე, გამოხატული ფრაგმენტებითა და დეტალებით. კონკურსანტს შეუძლია, წარმოადგინოს არაუმეტეს 3 (სამი) განსხვავებული ესკიზი.
კონკურსანტმა საკონკურსო მასალა (ხელმოწერილი განაცხადი, დიზაინის ესკიზები, დიზაინის შინაარსის განმარტება და აღწერილობის ტექსტი) უნდა წარმოადგინოს 2024 წლის 8 იანვრიდან 2024 წლის 11 მარტის ჩათვლით ელექტრონული ფორმით.