სებ-მა 5 საათში ოქროს 40-მდე ზოდი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვა დაიწყო. როგორც სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა BMG-სთან განაცხადა, 5 საათის განმავლობაში 40-მდე ოქროს ზოდი გაიყიდა.
“საწყის ეტაპზე შემდეგი ოდენობით ორი საინვესტიციო პროდუქტი გვაქვს: 100-100 20-გრამიანი სერტიფიკატი და ზოდები და ასევე 10-10 ცალი 1-კილოგრამიანი ზოდები და სერტიფიკატები. დამატებით შესყიდული გვაქვს გარკვეული რაოდენობა და იმის მიხედვით, რომელ პროდუქტზე იქნება უფრო დიდი მოთხოვნა, რაოდენობას იმ პროდუქტს დავამატებთ. თუ მარაგი ამოიწურა, დამატებით შევძლებთ ოქროს ზოდების შეკვეთას. დაინტერესება გაყიდვების დაწყებამდეც მაღალი იყო. დღეს დილიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, დაახლოებით 40-მდე ზოდია გაყიდული”, – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.
გიორგი ლალიაშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მაღალი ტემპის და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა გაზრდილია. შესაბამისად, მისი თქმით, ოქროს სერტიფიკატისა და ოქროს ზოდების გაყიდვა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება.
იხილეთ ასევე:
· ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს