„სებ-მა უნდა გააუქმოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტება“ – რა სჭირდება უძრავი ქონების სექტორს ბაზრის სტიმულირებისთვის?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ, იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
კიდევ ერთი ცვლილებით ასევე მარტივდება ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგანაც უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან ნაცვლად, 20%-მდე მცირდება.
ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება კარგია, თუმცა ის უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებულ კრიზისს ვერ განმუხტავს. „ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აუცილებელია სებ-მა სექტორისთვის 2019 წელს ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტება გააუქმოს.
„იპოთეკური სესხის გამარტივებაზე სების გადაწყვეტილება კარგია, რადგან თანამონაწილეობა უმცირდება მსესხებელს, თუმცა არ ვიცი ეს რამდენად გააუმჯობესებს მდგომარეობას. ბევრი მიზეზის გამო თქვენ ხედავთ, რომ ბიზნესი ვერ გამოვიდა შოკის მდგომარეობიდან. ბაზრის აქტივაციას და შენელებას კონკრეტული მიზეზები აქვს და ამის დიაგნოზირება და შემდეგ სწორ გზით მკურნალობა უნდა დაიწყოს.
მდგომარეობა მძიმეა თბილისშიც და მით უფრო რეგიონებში, სადაც საინვესტიციოდ ყიდულობენ უძრავ ქონებას, უძრავ ქონებას ყიდულობენ აწყობილ ქვეყანაში და არა იქ სადაც ბუნდოვანებაა. რეალურად ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტა ამის გამომწვევი, ამიტომ აღარ ვართ მომხიბვლელები უცხოელებისთვის მათ შორის რუსებისთვისაც, რუსებს თუ რუსეთში უნდათ რუსეთში იცხოვრებენ, საქართველოს რუსეთში არ უნდათ. ამიტომ აუცილებელია სწრაფად დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს. თუ რეალურად გვინდა ეკონომიკა და სექტორი აღდგეს, უნდა მოხდეს დალაგება, მეორე სებ-მა ახლა უნდა გააუქმოს ის რეგულაციები რაც 2019 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო, ვგულისხმობ პასუხისმგებლიან დაკრედიტებას. უნდა დავუნდეთ რეგულაციამდე არსებულ პერიოდს, დაკრედიტება გავხადოთ მარტივი, რადგან რეალურად ვადაგადაცილებული სესხების წილი ამ სექტორში თითქმის არ არის, 1%-ს არ სცდება. ამ ნაწილში ჩვენი ურთიერთობა დეველოპერებთან იყო ძალიან კარგი.
მაშინდელი ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი აღნიშნავდა, რომ ვერ ხედავდა ამის დაწესების საჭიროებას მაგრამ გადაწყვეტილება გადაწყვეტილებააო. ამან თავის დროზე ბევრი პრობლემა შექმნა, დაკრედიტება დაეცა, პრობლემა გახდა სესხის აღება. დღეს როცა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე კრიზისში ვართ, სტიმულირებისთვის დღეს ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას,“ – განაცხადა კუნელაურმა.