სებ-მა რეზერვებიდან $60 მლნ გაყიდა, თუმცა, ლარი ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა

სავალუტო რეზერვებიდან $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი ისევ გაუფასურდა – დოლართან 1.56 თეთრით, ხოლო ევროსთან – 1.79 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8646 ლარია, ერთი ევროსი – 3.0763 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი დღეს, 11 ივნისს. თუმცა, ამის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა – გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ავსტრალიურ დოლართან, ბრაზილიურ რიალთან, ჩეხურ კრონასთან, ისლანდიურ კრონთან, ნორვეგიულ კრონთან, ახალზელანდიურ დოლართან, პოლონურ ზლოტთან, შვედურ კრონთან, არაბულ დირჰამთან, ბულგარულ ლევთან, ბელარუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, შვეიცარიულ ფრანკთან, ჩინურ იუანთან, დანიურ კრონთან, ეგვიპტურ გირვანქასთან, ბრიტანულ ფუნტთან, ჰონგკონგურ დოლართან, ს შეკელთან, უნგრულ ფორინტთან, ინდურ რუპიასთან, ირანულ რიალთან, იაპონურ იენთან, ყირგიზულ სომთან, სამხრეთ კორეულ ვონთან, ქუვეითურ დინართან, ყაზახურ ტენგესთან, მოლდოვურ ლეისთან,კატარულ რიალთან, რუმინულ ლეისთან, სერბიულ დინართან, სინგაპურულ დოლართან, ტაჯიკურ სომონთან, თურქმენულ მანათთან, უზბეკურ სუმთან და სამხრეთაფრიკულ რანდთან.