ქვეყანაში რეზერვების მოცულობამ 627 მილიონი დოლარით იკლო და დღეის მდგომარეობით 4.08 მილიარდ დოლარს შეადგენს. კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია გახდა. სებ-მა ერთ თვეში არსებობის ისტორიაში პირველად რეკორდული რაოდენობის დოლარი გაყიდა. დამატებით, ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზეც ივაჭრა, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.
რამდენად სწორი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება? კითხვით ,,კომერსანტმა” ეკონომისტებს მიმართა. პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ გაცვლითი კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა სწორად იმოქმედა.
,,პირადად მე ვთვლი, რომ ეროვნული ბანკის ფუნქცია სწორედაც არის და უნდა იყოს, რომ გაცვლითი კურსის სტაბილურობა უზრუნველყოს. იდეალური იქნებოდა, რომ იყოს კურსი, რომელიც იქნება მყარი და რეზერვები გამოიყენებოდეს მისი უზრუნველყოფისთვის. იმის კრიტიკა, რომ რატომ ხარჯავენ რეზერვებს, ჩემი აზრით არასწორია. მე ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს ოფიციალური პოლიტიკა, რომ გაცვლითი კურსის სტაბილურობა და რეზერვების გამოყენება ბანკის გაცხადებული პოლიტიკა იყოს. რაც თურნავა მოვიდა და ცოტა მანამდეც ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილურ კურსს შეუწყოს ხელი. მაგრამ ასეთი პოლიტიკა უნდა იყოს მხარდაჭერილი მთავრობის მხრიდან. მთავრობა ამას მხარს არ უჭერს. ასეთი შემთხვევა იქნება კიდევ, რომ რეზერვების დახარჯვა მოუწევთ. მთავრობის პოლიტიკა კიდევ არქაულია, არასწორია. უზარმაზარ შეცდომებს უშვებენ, რაც ძვირი გვიჯდება.”- აცხადებს პაატა შეშელიძე.
ეკონომისტი დავით კიკვიძე აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წელი ეროვნული ბანკი რეზერვებს აქტიურად აგროვებდა, რაც გამოწვეული იყო კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობით. შედეგად რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა ვითარებამ ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ დაუტოვა და მას ინტერვენციების განხორციელება მოუწია.
,,ეროვნული ბანკი იძულებული გახდა არსებული პრობლემებიდან გამომდინარე დაეხარჯა რეზერვები კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. წინასაარჩევნო პერიოდში, ზოგადად ხარჯვითი ნაწილი ყოველთვის იზრდება. მათ შორის მთავრობის მხრიდან, მას უწევდა კამპანიის დაფინანსება. და არა მხოლოდ მთავრობას. ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა კურსის მერყეობაზე. მეორეს მხრივ, თავად ბიზნესებისთვის ასეთი პოლიტიკური არასტაბილურობა განგაშის სიგნალია და ისინი ცდილობენ ე.წ. ბუფერები შეიქმნან, რათა თავი დაიზღვიონ მომავალში კურსის არასტაბილურობით გამოწვეული დანახარჯებისგან. ამ ფაქტორების გამო, ვალუტით ვაჭრობა ბირჟაზე მაღალი მერყეობით იყო გამოწვეული და გაუფასურდა ლარი. ამ მოცემულობაში ეროვნულ ბანკს, სამწუხაროდ არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია. ასეთი რყევების მართვის მიმართულებით გარდა იმისა, რომ გამოიყენოს რეზერვები და შესაბამისი ინტერვენციებით შემოვიდეს ბაზარზე. ეროვნულ ბანკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ არ მოქცეულიყო ჩვენ მივიღებდით ძალიან გაუფასურებულ ლარს, რომელიც პირდაპირპროპორციულად ინფლაციაში გადაიზრდებოდა.”- აცხადებს დავით კიკვიძე.
,,კომერსანტი” დაინტერესდა რატომ დასჭირდა ეროვნულ ბანკს ამ ოდენობით რეზერვების გამოყენება და რატომ ხდება, რომ ლარის სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა? შექმნილ ვითარებას ეკონომისტი პაატა შეშელიძე რამდენიმე ფაქტორით ხსნის.
,,აქ არის ძალიან ბევრი კომპონენტი. პირველი არის არჩევნები, მეორე ბევრი ელოდება სანქციებს. არ არის გამორიცხული, რომ თანხები უცხოეთში გადის იმ ადამიანების, რომლებიც პოტენციურად შეიძლება სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ საქართველოს ჰქონდა ვალები და შეიძლება გასასტუმრებლად გამოიყენეს. ზოგადად, საქართველოს მიმართ საკმაოდ კრიტიკულია პოლიტიკური დამოკიდებულება, მხარდაჭერა შემცირდა. ძალიან ბევრი გრანტი თუ სესხი შეჩერებულია. აქედან გამომდინარე, შეიქმნა უცხოურ ვალუტაზე დეფიციტი და ეს შესაძლოა იყოს მიზეზი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სინამდვილეში ძალიან მცირეა. ინვესტიციად რჩება მხოლოდ ის თანხები, რომლებიც უცხოურმა კომპანიებმა აქ გამოიმუშავეს, არ გაიტანეს და გააგრძელეს ამ თანხების ინვესტირება. ახალი ინვესტიციების შემოდინება ფაქტობრივად ძალიან დაბალია, რაც ასევე ნიშნავს, იმას რომ უცხოურ ვალუტაზე დეფიციტი შეიქმნა. ეს არის ის ფაქტორები, რაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი.”- აცხადებს პაატა შეშელიძე.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსება გაუჭირდება. ეკონომისტები განმარტავენ, რომ ამისთვის საჭიროა მინიმუმ საშუალო ვადიანი სტაბილურობის პერიოდი, როდესაც ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენები რყევების გარეშე წარიმართება.
,,მინიმუმ საშუალოვადიან პერიოდში რეზერვების შევსება გამორიცხულია. რაღაც პერიოდის განმავლობაში როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ვითარება უნდა იყოს სტაბილური და არ უნდა გამოირჩეოდეს რაიმე განსაკუთრებული რყევებით. რაც მისცემს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას, რომ დაიწყოს ვალუტის შეძენა და რეზერვების შევსება. ამას უნდა განაპირობებდეს უცხოური ვალუტების ნაკადების მდგრადობა, ანუ აქ შეიძლება საუბარი იყოს ტურიზმის მაღალ ნაკადებზე, ინვესტიციების მაღალ ნაკადზე და უცხოური ვალუტების შემოდინებებზე, ფულად გზავნილებზე მათ შორის. ამის ფონზე პოტენციურად შესაძლებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს რეზერვების შევსება. თუმცა მიმდინარე ეტაპისთვის (ვგულისხმობ მინიმუმ საახალწლო პერიოდი და მაქსიმუმ მომდევნო წლის პირველი კვარტალის დასასრული) მე ფაქტობრივად გამოვრიცხავ, რომ ეროვნულმა ბანკმა მოახერხოს რეზერვების შევსების დაწყება.”- აცხადებს დავით კიკვიძე.
,,ეროვნულ ბანკს გაუჭირდება რეზერვების შევსება, რადგან ეს დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაზე. კურსის შეჩერების პოლიტიკა, რომელიც ახლა არის არჩეული უნდა იყოს სინქრონიზებული მთავრობისგან. მთავრობა აგრძელებს არალოგიკურ პროექტებს, რაც უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს. მხედველობაში მაქვს, როგორც საინვესტიციო ნაწილი, ასევე სამინისტროებში ისეთი პროექტები, როგორიც არის აწარმოე საქართველოში და მსგავსი პროექტები, რაც შეღავათებს და დაფინანსებას გულისხმობს. რაც არა საჭიროა. ხშირ შემთხვევაში არა ლოგიკურია, რადგან გამოდის ადგილობრივი რესურსებით უცხოელები ფინანსდებიან. იმის მაგივრად, რომ შემოიტანონ ფული აქეთ ვახარჯებთ ფულს. ეროვნულ ბანკს გაუჭირდება დამოუკიდებლად ამის შემობრუნება, იმიტომ რომ მასზე არ არის დამოკიდებული.”- აცხადებს პაატა შეშელიძე.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეროვნულ ბანკს მკაფიოდ გამოხატული სავალუტო კურსის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. მათი შეფასებით ე.წ. ლარიზაციის პოლიტიკა ვითარებას ართულებს, რადგან ამით მომხმარებელს არ ეძლევა შესაძლებლობა დაბალ პროცენტში აიღოს სესხები და მას აიძულებენ სესხის მომსახურებით ლარში მაღალ პროცენტში ისარგებლონ.
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ კი სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.