საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა საქმიანობას სავალუტო ფონდში გააგრძელებს.
„მოვიდა დრო გადავიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუვიწყარი 5 წლიანი გამოცდილებისთვის. მეამაყება რომ მქონდა შესაძლებლობა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად მემუშავა. დიდი ინტერესით ვიწყებ მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როგორ რეზიდენტ მრჩეველი მონღოლეთში“, – წერს პაპუნა ლეჟავა სოციალურ ქსელში.
პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 13 დეკემბერს, 7 წლის ვადით, აირჩია. მას ამ პოსტზე უფლებამოსულება 2025 წლის დეკემბერში ეწურებოდა, თუმცა პაპუნა ლეჟავამ თანამდებობა დროზე ადრე, მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვა, მას შემდეგ რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გამოსცა ბრძანება, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი ამოქმედების შესახებ.