სებ-ის რეგულაციები კონვერტაციებში ქუჩის სავალუტო პუნქტების წილს კიდევ უფრო შეამცირებს – რატი მორჩილაძე

“ფორსაითის” მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შეფასებით, სავალუტო კონვერტაციების ციფრულ არხებში გადანაცვლება სავალუტო პუნქტების წილს შეამცირებს, თუმცა ის თვლის, რომ ეს მეორე მხრივ მომხმარებლისთვის სასარგებლო იქნება. ამის შესახებ რატი მორჩილაძემ “საქმის კურსს” განუცხადა.
მიმდინარე წლის 9 ივლისიდან უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელება ამიერიდან ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით განხორციელდება. სებ-ის მიერ მიღებული ახალი წესები ვალუტის გადაცვლის პუნქტებს უნაღდო კონვერტაციების შესაძლებლობასაც აძლევს, თუმცა ამისთვის მათ მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.
ერთ-ერთი მთავარი წარმოდგენილ რეგულირების ჩარჩოში ლიკვიდობისა და საწესდებო კაპიტალის მოთხოვნაა. კერძოდ, ციფრული სავალუტო კონვერტაციის განხორციელებისთვის ვალუტის გადაცვლის პუნქტებს ნახევარი მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი უნდა გააჩნდეთ.
ეროვნული ბანკის სისტემაში 700-სზე მეტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტია რეგისტრირებული.
“ფორსაითის” მთავარი საინვესტიციო ოფიცერი აღნიშნავს, რომ სავალუტო კონვერტაციების უნაღფო არხებში გადასვლის ტენდენცია ისედაც შეინიშნებოდა, რადგან როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის ე.წ ქეშით სიარული კომფორტული არ არის.
“ეს ახალი მარეგულირებელი ჩარჩო კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტმა კომპანიამ და უფრო მეტმა ახალმა ჯგუფმა ბაზარს უნაღდო კონვერტაციების სერვისი მიაწოდოს, რაც ჩემი ვარაუდით ქვეყანაში განხორციელებულ კონვერტაციებში ქუჩის სავალუტო პუნქტების წილს კიდევ უფრო შეამცირებს, რაც სავალუტო პუნქტების მფლობელებისთვის ნეგატიურია, თუმცა მომხმარებლებისთვის ცალსახად სიტუაციას იმ მხრივ გააუმჯობესებს, რომ ისინი თავიანთ კონვერტაციებზე უკეთესი პირობების მიღებას შეძლებენ”, – აცხადებს რატი მორჩილაძე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, როგორც სები განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება.