სებ-ის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის “ფინანსური განათლება სკოლაში” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები.
დაჯილდოების ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მოსწავლეების ფინანსური განათლების ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კარგი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანისთვის, ოჯახების კეთილდღეობისა და მყარი ფინანსური ფუნდამენტის შექმნისთვის, არამედ ზოგადად ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისთვის.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორებთან.
„დღეს გვისრულდება ერთი წელი, რაც განვაახლეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ რეგიონურ და საერთაშორისო, არამედ უკვე ქართულ გამოცდილებას ეყრდნობა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ მყარი სტრატეგია და ხედვა, არამედ მსგავსი ღონისძიებების ძალიან კონკრეტული პორტფელი. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ფინანსური წიგნიერების საკითხების სკოლაში სწავლების ხელშეწყობის მიზნით, 700-მდე მოქალაქეობის მასწავლებელმა გაიარა გადამზადება. განათლების სამინისტროსთან კოლაბორაციით კი შეიქმნა ორი დამხმარე სახელმძღვანელო მე-7 და მე-9 კლასის მოქალაქეობის მასწავლებლებისთვის. ამ კონკურსით კი თავად მასწავლებლებს მივეცით უნიკალური შესაძლებლობა შეექმნათ საინტერესო სასწავლო რესურსები, რომელთა გამოყენება მათ კოლეგებსაც შეეძლებათ”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ