საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KFTC) ეწვია. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტს იონგ სეოკ პარკს შეხვდა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და მიმოიხილეს არსებული პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს საგადახდო სისტემებსა და ცენტრალური ბანკის როლს ინოვაციებსა და ფინანსურ სტაბილურობაში, მდგრად მაკროეკონომიკურ გარემოს და სებ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
KFTC-ში ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა სემინარები. ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ვარლამ ებანოიძემ და ნატალია ჭყოიძემ საქართველოს ფინტექ სტრატეგიისა და საგადახდო სისტემების თაობაზე პრეზენტაციები წარადგინეს.
თავის მხრივ, სემინარი კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის წარმომადგენლებმაც გამართეს, რომელიც კორეის საგადახდო სისტემებს, კრედიტ სქორინგს, ფინტექ პოლიტიკასა და ღია ბანკინგის თემებს მოიცავდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.