„სებ-ის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბანკებზე წნეხს და მათ მილიონობით ლარი გამოუთავისუფლდებათ“ – როგორ აისახება სექტორზე კონტრციკლური ბუფერის შევსების გადავადება?
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს კომერციული ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე შევსების ვადა 2024 წლის 15 მარტის ნაცვლად, 2027 წლის 15 მარტამდე გადასწია. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანაში მოქმედ ბანკებს მილიონობით ლარი გამოუთავისუფლდებათ, რომელსაც ამ ბუფერის დაცვისთვის უნდა განეთავსებინათ.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, რამაც სავალუტო აქტივების მოზიდვის ღირებულება გააძვირა. კერძოდ კი აშშ-ის FED-ის განაკვეთი 5%-მდე არის გაზრდილი, რაც 2007 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) განაკვეთი კი 20-წლიან მაქსიმუმზეა.
ეროვნული ბანკი ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნებსაც ამსუბუქებს. დღეს მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 20%-მდე შემცირდა.
საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კონტრციკლური ბუფერის ეტაპობრივი დაგროვება და უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვრის შემცირება საბანკო სექტორზე დადებითად აისახება.
„კონტრციკლური ბუფერი 3 წლის განმავლობაში შეივსება და არა ერთბაშად, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნებოდა საბანკო სისტემისთვის. საბანკო სექტორის ხარჯიანობაზე და ასევე ხელშეწყობის ნაწილში სარეზერვო ნორმის შემცირება კი კიდევ ერთხელ შეამსუბუქებს წნეხს იმ მოზიდულ უცხოურ ვალუტაზე, რომელიც საბანკო სისტემას აქვს.
ზოგადად კონტრციკლური ბუფერის ამოქმედება, სხვა რეგულაციებთან ერთად დაკრედიტების ზრდის ტემპს კიდევ უფრო შეანელებს და საბანკო სექტორის მიერ შეთავაზებული პროდუქციის ფასს გაზრდის.
გარდა ამისა, ჩვენ ველოდებით მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შემსუბუქებას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მომავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამცირებს საბანკო სისტემაზე წნეხს და მათ მილიონობით ლარი გამოუთავისუფლდებათ, რაც სექტორზე დადებითად აისახება“, – ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის – 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის – 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის – 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის – 1 პროცენტი.
რაც შეეხება უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარის 25%-დან 20%-მდე შემცირებას, სებ-ში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე.