სებ-ის გადაწყვეტილებები დადებითად იმოქმედებს ლარის კურსსა და ეკონომიკურ აქტივობაზე – ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე მცირდება.
„კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარის 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება, გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა დაეხმარება კომერციულ ბანკებს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემსუბუქდეს. იმ ფონზე, როდესაც -სა და ევროკავშირში საპროცენტო განაკვეთები იზრდება და ეს გადმოეცემა ჩვენს საბანკო სექტორსაც, მიღებული გადაწყვეტილებები ლარის კურსის სტაბილურობასაც დაუჭერს მხარს და ეროვნულ ვალუტაზე დადებითად იმოქმედებს. ლარის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამას სხვა ფაქტორებზე ინვესტიციებზე, მოხმარებაზე, ინფლაციაზე აქვს პოზიტიური გავლენა. თუ ლარის კურსი სტაბილური იქნება, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამციროს“ – განაცხადა ლაშა ქავთარაძემ. მისი თქმით, კონტრციკლური ბუფერის გადანაწილება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა რადგან, საბანკო სექტორზე წნეხი შემსუბუქდება. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარედ კომერციულ ბანკებს აქვთ ეს ბუფერები, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ დაკრედიტება არ იყოს შეზღუდული 2024 წლისთვის, რაც მხარს დაუჭერს ეკონომიკის ჯანსაღ ზრდას. სებ-მა ბანკებს საშუალება მისცა, რომ 2027 წლამდე ნეიტრალური ბუფერი შეავსონ. იწყება 0,25%-ით და ადის 1%-მდე. მთლიანობაში ცენტრალური ბანკის ორივე გადაწყვეტილება არის პოზიტიური იმ კუთხით, რომ დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე და შესაბამისად ეკონომიკურ აქტივობაზე“, -აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტებმა გადაწყვეტილება გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საპასუხოდ მიიღეს, რამაც ევროს და დოლარის ფინანსური რესურსის მოზიდვა გააძვირა. სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს. ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში