ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ საფრანგეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სებასტიან ლეკორნუს ცნობით, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა საფრანგეთის ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის სურვილი გამოხატეს.
„არსებობს სურვილი, რომ საფრანგეთს ბიუჯეტი 31 დეკემბრამდე ჰქონდეს. აღნიშნული მზადყოფნა პარლამენტის დაშლის შესაძლებლობას ამცირებს“, – განაცხადა ლეკორნუმ.
მისი თქმით, დღეს საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება და პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების შედეგებს აცნობებს.
შეგახსენებთ, ორშაბათს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში თანამდებობა დატოვა. თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ლეკორნუს მთავრობამ ხელისუფლებაში ყველაზე ცოტა დრო გაატარა.
მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვა პარტიებთან ორდღიანი მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.
