„საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება გადავადდა

პარლამენტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საკითხი პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად, 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2027 წლის 1 იანვარი განისაზღვრება.

„საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კანონის ამოქმედების ორი წლით გადავადებას და ამ პაკეტში შემავალ რამდენიმე კანონპროექტში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელებას“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

პროექტის თანახმად, 2027 წლიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიქმნება, რომლის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს და დებულებას დაამტკიცებს მთავრობა. 2027 წლიდან შესყიდვების ორგანიზაცია ვალდებული იქნება დაწესებულების სტრუქტურაში ან საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ან თანამდებობის პირი განსაზღვროს. ამავე თარიღიდან სააგენტო საჯარო შესყიდვების სპეციალისტთა სერტიფიცირებას განახორციელებს, ხოლო სავალდებულო სერტიფიცირების წესი 2029 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.