საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების პროტესტი გრძელდება – ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, პროცესში ჩაერთონ

საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების პროტესტი გრძელდება.
პედაგოგებმა მრგვალი ბაღის მიმდებარედ გააკრეს პლაკატები, წარწერით: „ჩვენს უფლებებს არ იცავს სახალხო დამცველი”, „ერთი ადამიანის ხმაც ხმაა!”, „განათლების მინისტრი ამილახვარი გვატყუებს!”
ისინი აღნიშნულ პროცესში საქართველოში გაეროს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
რაც შეეხება ძირითად მოთხოვნებს, ისინი მოითხოვენ დირექტორების შერჩევის კონკურსში „დაბლოკილი“ კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას და იანვრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას.
„დღეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, სწორედ ამიტომ, მე და მაია ეკალაძემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბრძოლა გაგვეგრძელებინა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან. ორი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჩვენი საპროტესტო აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ნეპოტიზმისა და კორუფციის გასაპროტესტებლად. გუშინ შევცვალეთ ტაქტიკა და დღეს დავიწყეთ გაეროსთან, იმიტომ, რომ გაეროს მოვუწოდებთ, ჩაერთოს ამ პროცესში. იმიტომ, რომ საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ასევე, არის დისკრიმინაციის დიდი ალბათობა მომავალში, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც მინისტრმა ჩვენ მიგვითითა, რომ ის თურმე უთვალთვალებს ჩვენს პირად მიმოწერებს, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ფაბრიკაციებსაც ჰქონდეს ადგილი და სხვაგვარ დისკრედიტაციებსაც. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სტრუქტურები, მათ შორის, გაერო ჩაერთოს ამ ამბებში.
ასევე, ჩვენ ვაპირებთ, რომ არცერთი წუთი არ გავჩერდეთ და ყოველი აქტივობა მინისტრისა იქნება ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან „პარტიზანული თავდასხმის ქვეშ”. ვგეგმავთ, რომ მსგავსი შეხვედრები გავმართოთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობასთან. ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ინფორმირებული იყო იქ (განათლების სამინისტროსთან) მიმდინარე პროცესებზე, ჯერჯერობით არცერთი მათგანისგან ჩვენ გამოხმაურება არ მიგვიღია”, – განაცხადა დირექტორობის კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ფერაძემ.
ცნობისთვის, ორი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლების დირექტორობის უკანონოდ „დაბლოკილი“ რამდენიმე კანდიდატი განათლების სამინისტროსთან აქციას მართავდნენ. მათ უწყების წინ გაშლილი ჰქონდათ კარავი, სადაც ღამეს ათევდნენ. ასევე, დირექტორობის კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილე, მაია ეკალაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა კიდევაც.
ამასთან, პედაგოგები დირექტორთა კონკურსში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ და სწორედ, ამ დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდებენ განათლების სამინისტროს. ამ ეტაპზე, პედაგოგებმა სასამართლოს მიმართეს, სადაც მათ უფლებებს სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იცავს. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოზე – საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები