“რომც იყოს საჯარო სექტორთან რაიმე დიალოგი, ძალიან ძნელია რაღაც გამოსავლებზე ისაუბრო, როდესაც ისინი პრობლემას არ აღიარებენ”, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელმა, მაია სიდამონიძემ BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” ისაუბრა და ლევან დავითაშვილის განცხადებაც შეაფასა, რომლის თანახმადაც ტურიზმის სექტორი არ შენელებულა. ამაზე, სიდამონიძემ აღნიშნა, რომ ის არის მორიგი ტყუილი.
მისი თქმით, ბიზნესთან დიალოგი არც კონსტრუქციულ და არც არაკონსტრუქციულ რეჟიმში არ მომხდარა. რეალურად, სექტორი სავალალო მდგომარეობაშია.
„ლევან დავითაშვილის განცხადება, რომ არ შენელებულა ტურიზმის სექტორი არის მორიგი ტყუილი, რადგან ისინი ბიზნესს არც შეხვედრიან და დეტალურ მონაცემებზე ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ ეს არის დამამშვიდებელი ტყუილი. [ტურიზმში] სავალალო მდგომარეობაა, ვერ მუშაობს ვერც სასტუმროები და ვერც კვების დაწესებულებები, გიდები და ა.შ. აბსოლუტურად ყველაფერი არის გაჩერებული. მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ინდუსტრიისთვის საახალწლო და იანვრის პერიოდი არის ყველაზე დატვირთული პერიოდი.
ამ პერიოდში იმ რეზერვების მომარაგება ხდება, რომ იანვრის შემდგომ ნახევარში, დაბალი ტურისტული სეზონი გადაიარონ. ეს უკვე ჩავარდნილია, წინა პირობებიც არ იყო მთლად კარგი, რადგან კოვიდის შემდგომ თვით რეაბილიტაცია ვერ მოახდინა. შესაბამისად, სექტორი დღესდღეობით ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ არის, რადგან უწევთ თანამშრომლებიც გაშვება, ბიზნესის შემცირება, ხარჯების ოპტიმიზაცია და საკმაოდ დიდი ფინანსური დანაკარგების წინაშეა ინდუსტრია.რაც ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა მოიძია, დაახლოებით 200-ზე მეტ კომპანიას შორის არის დანაკარგი. ამას რომ ჩავუღრმავდეთ, ციფრებში იქნება საკმაოდ დიდი გარღვევა და ძალიან ცუდი მონაცემები“, – ამბობს სიდამონიძე.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია რა ხდება ქვეყანაში. ვინაიდან, ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ, როდესაც ბიზნესს ხვდებიან, ხვდებიან მსხვილ ბიზნესებს, მაშინ როდესაც სექტორის 70% მცირე და საშუალო ბიზნესია.
„ბიზნესთან დიალოგი არის არც კონსტრუქციული და არც არაკონსტრუქციული არ ყოფილა. სექტორის 70%-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესია, მაგრამ თუ ვინმეს ხანდახან ესაუბრებიან ეს ძირითადად მსხვილი ბიზნესია. ამასთან, მათ არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია ქვეყანაში რა ხდება. კარგად იცის არალეგიტიმურმა მინისტრმა ქვეყანაში რა ხდება და რა პრობლემაა ბიზნესში, მაგრამ ვინაიდან ერთი კვირის წინ [ბიზნესმა] შედარებით ნეგატიური განცხადება გააკეთა და [ხელისუფლებამ] პატარა შენიშვნებიც მიიღო, უკვე არ შემჩნევის და შემდგომში არ აღიარების პოლიტიკა გაატარა. ვფიქრობ, რომ ძალიან ძნელია, რომც იყოს რაიმე დიალოგი საჯარო სექტორთან რაღაც გამოსავლებზე ისაუბრო, როდესაც ისინი პრობლემას არ აღიარებენ. აქ უკვე კომუნიკაციაში ვიჭედებით“,- აცხადებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელი.