საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ.
ამას ითვალსიწინებს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა და კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: , არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, , ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, , ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.
მოქმედი კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, თუმცა ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდება. დაგეგმილი ცვლილებებით, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობა შეეძლება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებსაც სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღებისთვის.
როგორც კანონის პროექტშია განმარტებული, ინტერესთა კონფლიქტის ეფექტური პოლიტიკის სათანადო მიზანია არა საჯარო მოხელეთა მხრიდან ყველა კერძო შესაძლებლობის ინტერესის მარტივი აკრძალვა, არამედ ამ შესაძლებლობების რეგულირების ქვეშ მოქცევაა. პროექტის ავტორების განმარტებით, მსგავსი მიდგომით გატარდება პრევენციული ღონისძიებები, რათა საჯარო მოხელეებმა არ დაუშვან თავიანთი პირადი ინტერესებისა და კუთვნილების კომპრომისზე გადაწყვეტილების მიღება და საჯარო მენეჯმენტი.
“გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ ანაზღაურების მიღება შეიძლება გარკვეულ ინტერესს ატარებდეს და საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირების მხრიდან მათი მიღება ზეგავლენის მომხდენი მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებისას არ გახდეს, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო დეტალურად რეგულირდება სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების პროცედურა.
აღნიშნული ტიპის დამატებითი საქმიანობისთვის განისაზღვრება თანხმობის გაცემის ინსტიტუტი, რის შედეგადაც საჯარო მოხელეები თანამდებობის შენარჩუნების პარალელურად შეიძლება დამხმარე საქმიანობით დაკავდნენ”, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.