საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის სავალდებულო მოთხოვნები შეიცვალა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

13 დეკემბერს პარლამენტმა გამარტივებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა და კენჭი უყარა. მათ შორის იყო “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. ე.წ. პარლამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

“კანონპროექტი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს.
მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გაიმართა კონსულტაციები საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ასევე, გაზიარებულია სახალხო დამცველის ცალკეული შენიშვნები.

“მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კონსულტაციის შემდეგ შევიდა კანონპროექტში, არის ის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, აღნიშნული პირები იგივე სახელფასო განაკვეთით ისარგებლებენ, რაც მათ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანამდე ჰქონდათ. მისივე თქმით, რეორგანიზაცია არ იწვევს ავტომატურად რაიმე ფორმით სამსახურებრივი ურთიერთობის პირდაპირ შეწყვეტას. კონკურსი, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოცხადდება, იქნება განმსაზღვრელი იმისა ამ კონკურსის შედეგად ვინ დარჩება თანამშრომლად.
თუ რა ნაღმია ჩადებული ამ “უწყინარ” ცვლილებაში, გასაგებ ენაზე ხსნის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თამარ სურმავა:

,”საბოლოოდ, რა შეიცვალა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში?

1️⃣ ა ხ ა ლ ი რ ე დ ა ქ ც ი ი თ, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ეს პირები აწ უკვე იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

❎ რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს, იმას, რომ:

➡️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს – იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.

➡️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და მათ მოადგილეების – შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის [მაგ. მინისტრის] უფლებამოსილების ვადას. ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებისილების შეწყვეტა, იწვევს აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.

➡️ შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, აღარ არის საჭირო კონკურსი.

➡️ მათთვის სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა. ასევე არ არის საჭირო მოხელის სერთიფიკატი. ეს მაშინ, როცა დაქვემდაბარებაში მყოფ პირს ესაჭირება სერთიფიკატი.

❗ეს პირები მინიმალურ დონეზეც აღარ არიან დაცულნი, რაც ზრდის მათზე გავლენის მოპოვების რისკებს.

2️⃣ ა ხ ა ლ ი რ ე დ ა ქ ც ი ი თ, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი [მაგ. მინისტრი] საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე] ან ამავე დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს [ეს უკანასკნელი დარჩა].

❎ რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ კადრების სწორად შერჩევაზე პასუხისმგებელნი ხდებიან მაგ. დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ხოლო მათი გათავისუფლება არის ძალიან მარტივი – საჭიროა მხოლოდ ერთი თვით ადრე გაფრთხილება.

3️⃣ ა ხ ა ლ ი რ ე დ ა ქ ც ი ი თ, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა.

❎ რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 2 ჯერ მოხდება მოხელის შეფასება და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლდება. აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. ასევე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა.] აღარ ექვემდებარებიან შეფასებას.

4️⃣ ა ხ ა ლ ი რ ე დ ა ქ ც ი ი თ, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი [მაგ. მინისტრი] უფლებამოსილია მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში.

❎ რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ საჩივარი აღარ არის საჭირო შეფასების შესაცვლელად. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. მაგრამ ურჩად ყოფნა გაჭირდება, რამდენადაც შუა რგოლის მენეჯმენტის გათავისუფლება უკვე მარტივია. შეფასებამ კი მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა.

5️⃣ ა ხ ა ლ ი რ ე დ ა ქ ც ი ი თ, მოხელის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.

❎ რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოხელემ მიიღო არადამაკმაყოფილებებლი შეფასება, ან დაწესებულების ხელმძღვანელმა შეცვალა და შეაფასა არადამაკმაყოფილებლად, მას უნდა დაუკავდეს თანამდებობრივი სარგოს 20%.

➡️ მაგრამ, რამდენი ხანი უნდა დაუკავდეს? – ვფიქრობ კანონმდებელსაც ამაზე ბევრი არ უფიქრია. მითითებულია – „მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.“ ანუ თუ შესაფასებელი პერიოდი დასრულდა პირველ ექვს თვეში – მაგალითად ივნისის ბოლოს, ახალი შესაფასებელი პერიოდი იწყება უკვე ივლისში. შესაბამისად, რა პერიოდი უნდა დაუკავდეს მოხელეს ხელფასი ბუნდოვანია.

6️⃣ ა ხ ა ლ ი რ ე დ ა ქ ც ი ი თ, მობილობის წესი არ ვრცელდება რეორგანიზაციის შემთხვევებზე.

❎ რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დასაქმებული გათავისუფლდება რეორგანიზაციის საფუძვლით, იგი საერთოდ თავისუფლდება.

7️⃣ ა ხ ა ლ ი რ ე დ ა ქ ც ი ი თ, მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი მხოლოდ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.

ასევე დაგაინტერესებთ

აფხაზებთან და ოსებთან სათქმელი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ, რთულია ჩვენი გაერთიანება? ეს ხაზი უნდა ჩანდეს, რომ მათაც გულწრფელად უნდა შევთავაზოთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენი თანაცხოვრება

საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო, ტყუილია, არ გაგვიუქმებია! – რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა, მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი