მთარგმნელი და დიპლომატი ნინო ფიფია წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს და 1-ლი აგვისტოდან ის არგენტინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი აღარ იქნება.
როგორც მის გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, ის მხამამღლა გამოთქვამდა საკუთარ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რო საქართვწლომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია და არ ნანობს, რომ არ გაჩუმდა.
“ბევრჯერ მიფიქრია სამსახურიდან წასვლაზეც, იცით ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ ერთი მიზეზი მაჩერებდა: მინდოდა მიმდინარე მოვლენების გამპროტესტებელ მრავალათასიან ხმებს შორის, ერთი ჩემიც ყოფილიყო, როგორც მოქმედი დიპლომატის, რადგან ჩემთვის, საჯარო მოხელე ემსახურება ქვეყნის, და არა პარტიულ ინტერესებს”, – წერს ის.
მოგვიანებით ნინო ფიფიამ მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში გარდამტეხი დროა, ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა ქვეყნის მინიმუმ რამდენიმე დეკადით ჩაბნელებას უდრის.
“როგორც კი გაცხადდა, რომ თურმე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა შეჩერდეს, გაჩნდა სამართლიანი პროტესტი და უსამართლობის განცდა, რომ აღებული გეზიდან გაუგებრად ვუხვევთ.
პირველივე დღიდან, როცა ჩემს კოლეგებთან ერთად გავაპროტესტე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, მოწმე ვართ იმის, როგორ იყენებს ქართველი ხალხი თავის კონსტიტუციურ უფლებას, შეიკრიბოს, აზრი გამოთქვას და პროტესტი გამოხატოს.
არ შეიძლება რაც ახლა ქვეყანაში ხდება, მოგწონდეთ საღად მოაზროვნე ადამიანებს. ვდგავართ უფსკრულის პირას და მწერლების, მთარგმნელების, მსახიობების, პატარა გოგო-ბიჭების გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა განწირულია იმისთვის, რომ მას შეადარებენ რეპრესიებსა და დევნას”, – წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.კანონში შესული ცვლილებებით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდა. მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა, რომ რეორგანიზაციით დასაქმებულები სამსახურიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ.
