საჯარო სამსახურებში, მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულებს ანაზღაურება გაუუქმდებათ. შესაბამისი კანონპროექტი “ქართული ოცნების” პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
მრჩევლად ითვლება პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეს, ან მასთან გათანაბრებულ პირს, მისი უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რჩევებს აძლევს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რადგან ეს საქმიანობა არ არის დატვირთული, ის არაანაზღაურებადი უნდა გახდეს.
“მრჩევლის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა არ იყოს ანაზღაურებადი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
აღნიშნული ცვლილება გავრცელდება საჯარო სამსახურის იურიდიულ პირებზეც, “გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა”.
“ქართული ცნების” პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს. მან უკვე მიიღო საბიუჯეტო ოფისისა და იურიდიული დეპარტამენტის დადებითი დასკვნები. დარჩენილია მხოლოდ ერთი – საპროცედურო და წესების კომიტეტის თანხმობა, რომლის შემდეგაც კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. მისი მიღება დაახლოებით 10 დღეში, 10-13 ივნისის შუალედში იგეგმება.
