თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა.
სოფრომაძის ინფორმაციით, სამსახურიდან იმ ადამიანების დათხოვნაც იგეგმება, რომლებიც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას ხელს არ აწერენ, თუმცა დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებენ.
ყოფილი საჯარო მოხელე იმასაც ამბობს, რომ საჯარო სამსახურიდან მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია ჩართული, რომელიც, მისივე თქმით, ინფორმაციას თითოეული დასაქმებულის პირადი შეხედულების შესახებ ფლობს.
“გათავისუფლებულ პირთა რაოდენობა ამ ეტაპზე 800-ზე მეტია. უმეტესობა გათავისუფლებულია გამოხატვის თავისუფლების ნიშნით, რომელიც უკავშირდებოდა იმ პოლიტიკური კურსის გაპროტესტებას, რაც “ქართულმა ოცნებამ” ღიად განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბრის ცნობილ განცხადებაში. ყველა ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა, პეტიციაზე ხელმომწერია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინც არ გათავისუფლებულა, მათი გათავისუფლებაც იგეგმება.
მოხდება იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც არ არიან პეტიციაზე ხელმომწერები, თუმცა იდეურად იზიარებენ იმ ადამიანების ხედვებს და გამოხატულებს, რომლებიც პეტიციების გამავრცელებლები ვიყავით. ეს ხელმძღვანელი პირებისთვის ცნობილია. ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება. მათ შორის სპეცსამსახურები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სუს-ი, რომელსაც აქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციების საფუძველზე ამუშავებს საპასუხო ნაბიჯებს”. – განაცხადა გიგა სოფრომაძემ.
საჯარო სამართლის სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ “მასიური დათხოვნების” კანონიერი უფლება “ოცნებამ” ცოტა ხნის წინ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მოიპოვა.
იუსტიციის სახლის იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე საუბრობს. მეგი კაციტაძე ამბობს, რომ მიღებული ცვლილებებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დანიშვნის წესი გამარტივდა. კერძოდ, მისივე განმარტებით, საჯარო უწყებებში დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელები კონკურსის წესით აღარ ირჩევიან.
მეგი კაციტაძე აცხადებს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის დაკმაყოფილებასაც მათ სთხოვენ, პარტიის მორჩილებაა.
“საქმე იმაშია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით, არა მხოლოდ გაადვილეს პროფესიული, კვალიფიციური, კონკურსის წესით, უვადოდ დანიშნული საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, არამედ ასევე გაამარტივეს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დანიშვნის წესიც. დღეს მთელ რიგ საჯარო უწყებებში დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამმართველოს ხელმძღვანელები, სამსახურის ხელმძღვანელები, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ინიშნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ეს თავისთავად გულისხმობს მათ დანიშვნას კონკურსის გარეშე. მათი შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი არის მხოლოდ პარტიის მორჩილება”. – განაცხადა მეგი კაციტაძემ.
მმართველი გუნდის მიერ ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობენ პროფკავშირებიც. მაგალითად, ფინანსური პოლიციის მიერ დამოუკიდებელი პროფკავშირის “ლაბორის” ოფისში ჩატარებულ 7-საათიან ჩხრეკას “ლაბორის” თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე დაშინების მცდელობად აფასებს.
“გუშინ პროფკავშირ “ლაბორზე”, ფაქტობრივად, დევნა განხორციელდა. ფინანსური პოლიცია შემოვიდა, 7 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ ოთხ ობიექტს. ეს იყო ჩემი სახლი, ჩვენი ახალი ოფისი, ძველი ოფისი და “ჰუალინგის” შენობა, სადაც ყრილობა ჩავატარეთ. ეს არის დაშინების მცდელობა და გარკვეული სახის მესიჯი სხვა პროფკავშირებისთვის… ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა. ეს ქვეყანა ამხელა წნეხს ვერ გაუძლებს. ამ მდგომარეობას სოციალური პრობლემები მოყვება. დასაქმებულთა ჯგუფებში დიდ სოციალურ პროტესტს გამოიწვევს…” – განაცხადა დიასამიძემ.
ცნობისთვის, 24 აპრილს, დამოუკიდებელი პროფკავშირის, “ლაბორის” ოფისში ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. “ლაბორის” ოფისის გარდა, საგამოძიებო მოქმედებები კიდევ სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ესენი იყო პროფკავიშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის საცხოვრებელი სახლი, “ლაბორის” ძველ ოფისი და ასევე “ჰუალინგი”, სადაც რამდენიმე კვირის წინ პროფკავშირების წარმომადგენლებმა ყრილობა გამართეს.
წყარო: tvpirveli.ge “ტვ პირველი”
