საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, 29 მაისს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ და კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ 71-მა დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ 9 წევრმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა წარმომადგენელმა.
კანონში ამ ცვლილებების შეტანამდე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, მოსამართლეებისა და სხვა საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა საჯაროდ, ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე. პარლამენტმა ეს წესი შეცვალა და შესაძლებელი გახადა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები შევსებიდან 60 დღეც კი არ გასაჯაროვდეს.
ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საჯარო მოხელეს დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და მონაცემების შესაცვლელად ერთთვიან ვადას აძლევენ. კანონი ბიუროს თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს საჯარო მოხელეს შენიშვნების შესახებ 30-ე დღეს აცნობოს, თანამდებობის პირს კი ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვე აქვს.
დამატებით, პარლამენტმა კანონში ჩაწერა, რომ ხარვეზის აღმოჩენისა და გამოსწორების პერიოდში, რაც შეიძლება ორი თვეც კი გაგრძელდეს, „დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია“.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი, რომელზეც საჯარო მოხელეების დეკლარაციები ქვეყნდება, ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. იქ ქვეყნდება მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების შემოსავლები. მაგალითად, ამ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი, რომ ყოფილ პრემიერს მამამ 180 ათასი ლარი აჩუქა.
2024 წლის 7 სექტემბრის შემდეგ ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე ახალი დეკლარაცია არ გამოქვეყნებულა. ვებსაიტზე შესვლის დროს ჩნდება წარწერა, რომელიც მომხმარებელს აცნობს, რომ 9 სექტემბრიდან დეკლარაციის წარდგენისა და გამოქვეყნების წესი შეიცვალა.
წყარო: რადიო თავიუსფლება