სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიების საკითხზე ევროკავშირში კოლეგებთან კონსულტაციებს გადის.
ეს განცხადება მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე ჰკითხეს.
“პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რაც მან თქვა, სხვა არაფერს. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სხვა გამოძიებები შეიძლება იყოს შესაბამისი”, – თქვა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააზიარებს ინფორმაციას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.