სახ.დეპი: ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო შორდება ევროინტეგრაციის გაცხადებულ სურვილს

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინდელ ბრიფინგზე პარლამენტის მიერ მიღებულ ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტზე დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ “ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო შორდება ევროინტეგრაციის გაცხადებულ სურვილს”.
“მე ვიცი, რომ მათ [საქართველოს პარლამენტმა] მიიღეს ის [ჰომოფობიური კანონი], მაგრამ, როგორც ვიცი, ის ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და ჯერ კიდევ არსებობს კითხვები ამ კანონპროექტთან, მის საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, გახდება თუ არა კანონი.
მაგრამ, როგორც ჩვენ უკვე თვეებია ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალურ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ქართველი ხალხის აშკარა ნებას. ეს კანონი სწორედ ამას შეესაბამება”, – თქვა მეთიუ მილერმა.
ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.