“სახლიდან ჩემს გადაკარგვას მთელი დღით, კვირაობით თუ თვეობით, ყველაფერს თავისი ახსნა და მიზეზი აქვს…” – ზურა მანჯავიძე ოჯახისა და ოთხი შვილის შესახებ – Marao
მომღერალი ზურა მანჯავიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ჯგუფ “ფორტესთან” ერთად შეიყვარა. სხვადასხვა დროს ის გულშემატკივარს განსხვავებულ ამპლუაში მოევლინა – ზურა იხილეთ, როგორც ტელეწამყვანიც. დღეს ის, საქმის პარალელურად, სოფლის მეურნეობაშია ჩართული, აქვს საკუთარი მეურნეობა და აქტიურად ზრუნავს მის გაფართოებაზე.
ზურა მანჯავიძე მამა პირველად 20 წლის ასაკში გახდა. მას შემდეგ კიდევ სამჯერ შეიგრძნო მამობის ბედნიერება. “20 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი. დიდი რაღაც რომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ამას მაშინვე მივხვდი, მაგრამ რა დამატყდა თავს, ეს ბოლომდე ვერ გავაცნობიერე”, – ამბობდა ზურა.
დღეს უკვე დიდი შვილები ჰყავს. უფროსმა, გიორგიმ, რამდენიმე წლის წინ იქორწინა. მისი რჩეული ყოფილი მოდელი ქეთა ბურჯანაძეა. “მე ცოლი 18 წლისამ შევირთე. მამა გარდაცვლილი მყავდა, დედამ კი ხელი ძალიან შემიწყო. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პირობები არ მქონდა, თუნდაც ის, რომ ცალკე გვეცხოვრა, წინააღმდეგობა არ შემხვედრია. გიორგიმ ოჯახის შექმნა უფრო დადინჯებულ ასაკში გადაწყვიტა, 23 წლის გახლავთ. ნაჩქარევი ნაბიჯი არ იყო, მომავალ რძალს ვიცნობდით. ასე რომ, წინააღმდეგი კი არა, ძალიანაც მომხრე ვიყავი”, – ამბობდა ზურა.
მას ერთი ქალიშვილი, ანა ჰყავს. ანას შემდეგ კი მას ტყუპი ბიჭები შეეძინა.
“ოთხივე მღერის, ბავშვობაში ვატარებდი კიდეც და მინდოდა, რომ ამ გზით წასულიყვნენ. მე გზა კი ვაჩვენე და ვეხმარებოდი, მაგრამ სხვა მიმართულებით წავიდნენ. ჩემი უმცროსები, სანდრო და ლუკა ელექტრონული მუსიკით არიან გატაცებულები. სხვათა შორის, ყველას ძალიან კარგი მონაცემი აქვს. მეუღლეც კარგად მღერის, სხვათა შორის. ჩემდა სამწუხაროდ, შვილებმა არ აირჩიეს მუსიკალური გზა, თუმცა მათ არჩევანს პატივს სცემენ, ირჩევენ საკუთარ გზას და ჩემს გაკვალულზე არ დადიან”, – ამბობდა ზურა მანჯავიძე.
ზურა დღეს აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე და, როგორც ამბობს, ყველაზე მეტ შენიშვნას მეუღლისგან იღებს:
“განსაკუთრებით მეუღლეს აქვს კრიტიკული შენიშვნები, იქ ენა დაგება, იმ დღეს რა დაგემართა, აზრი ვერ ჩამოაყალიბეო და ა.შ. მაგრამ ხომ იცით, პირდაპირი ეთერის დროს ყველაფერი ხდება, ზოგჯერ უნდა გაწელო დრო, ზოგჯერ – პირიქით… სამაგიეროდ, დედაჩემია ის ადამიანი, ვისაც ყველაფერი მოსწონს და შენიშვნა არ აქვს. ვიცი, მორჩება თუ არა გადაცემა, შემოდის ზარი, დედა, რა კარგი იყოო. ჩემი შვილები, გადახვევის საშუალებით უყურებენ ხოლმე და შემდეგ მიზიარებენ მოსაზრებებს. მეუღლე, თუ რამე კარგია, ამასაც არ მიკარგავს ხოლმე, ობიექტურობას ინარჩუნებს”
ზურასა და მის მეუღლეს მყარი და ბედნიერი ოჯახი აქვთ, რის საფუძვლადაც მომღერალი ურთიერთგაგებას ასახელებს:
“ურთიერთგაგება… მე ვცდილობ, რაც შემიძლია, ყველაფერში მივეხმარო, როცა დრო მაქვს. ზუსტად იცის, რომ დროს ტყუილად არ ვფლანგავ, ყველა ჩემს გადაკარგვას სახლიდან, მთელი დღით, კვირაობით თუ თვეობით, ყველაფერს თავისი ახსნა და მიზეზი აქვს. შეგნებასა და გაგებაზე გადის, სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა…” – ამბობს ის “რადიო ფორტუნასთან” ინტერვიუში.