სახელოსნო EBRA გერმანიაში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს
გერმანიაში მაღაზიის გახსნას, პარტნიორთან ერთად ვგეგმავთ. შესაძლებელია აღნიშნული პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდეს, – ამის შესახებ შემოქმედებითი სახელოსნო EBRA-ს დამფუძნებელმა ლევან ლოლაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მათი პროდუქცია ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა მაღალი მოთხოვნაა ქართველი ემიგრანტების მხრიდან.
“უცხოეთში პროდუქციის გატანისთვის დიდი რაოდენობის წარმოებაა საჭირო, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ წელს ამას შევძლებთ. გერმანიაში მაღაზიის გახსნას, პარტნიორთან ერთად ვგეგმავ”, – აცხადებს ლევან ებრალიძე.
სახელოსნოს დამფუძნებელმა ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა, წლიდან წლამდე, 20-30%-ით იზრდება. ლევან ებრალიძის ინფორმაციით, კომპანია მაღაზიის გახსნას საქართველოშიც გეგმავს და ამისთვის, ფართის მოძიების პროცესი უკვე დაწყებული აქვს.
“სახელოსნოში დაახლოებით, 10-მდე სახეობის ნივთი იქმნება, მათ შორის, ლარნაკები, სანათები, სახილეები და ა.შ. პროდუქცია იყიდება ადგილზე, სახელოსნოში და ასევე, ონლაინ. ჩვენ გვქონდა “შოურუმიც”, რომელიც დავხურეთ და ახლა გვინდა, რომ ბრენდული მაღაზია გავხსნათ. ვფიქრობ, რომ პროექტის, სავარაუდო ინვესტიცია 40 000 ლარი იქნება”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, შემოქმედებითი სახელოსნო EBRA, რომელიც თბილისში მდებარეობს, ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა. სახელოსნოში ამ ეტაპზე, დაახლოებით 8 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთ კერამიკის ნივთებს ქმნიან. როგორც სახელოსნოს დამფუძნებელი ლევან ებრალიძე აცხადებს, პროდუქციის დასამზადებლად ნედლეული თურქეთიდან შემოაქვთ.
