“სახელმწიფო შესყიდვებში ISO სერტიფიკატი ძალიან იშვიათად მოითხოვება” – რატომ არ იღებენ ხარისხის სერტიფიკატს კომპანიები?

კომპანია “დიოში” ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის სტანდარტების მიმართულებით ცნობიერება დაბალია. ამის მიზეზი კი დამკვეთების, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებისას ხარისხზე მოთხოვნის ნაკლებობაა. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა “საქმის კურსს” სამშენებლო სექტორში ბიზნესის წარმოებისას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაზე საუბრისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — QUIS ფარგლებში ჩატარებული ბიზნესკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიების 75% ISO/EN სერტიფიკატს არ ფლობს, თუმცა 70% მისი მიღებით დაინტერესებულია. კვლევაში გამოყოფილია სექტორები, სადაც ხარისხის ISO სტანდარტებს კომპანიები პრაქტიკულად არ ფლობენ. ასეთია მაგალითად სათამაშოების წარმოება და ტექსტილის ინდუსტრია.
სამშენებლო სექტორში ISO სერტიფიკატს გამოკითხული კომპანიების 39% ფლობს, რაც ბაზრის მოთამაშეების შეფასებით არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელია.
“დიოს” მმართველი პარტნიორი განმარტავს, რომ ISO სერტიფიკატის დანერგვა ორ ძირითად საკითხს უკავშირდება – ფინანსებს და ადამიანური რესურსების საჭიროებას.
“სავარაუდოდ, ბევრ კომპანიას ამ ორ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. მესამე ფაქტორი შეიძლება ის იყოს, თუ რამდენად ფიქრობენ კომპანიები იმას, რომ ეს მათ სჭირდებათ. ანუ ცნობიერება არასაკმარისია. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით კომპანიები ვერ ხედავენ საჭიროებას და აქედან გამომდინარე, დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.
სახელმწიფო შესყიდვებში ISO სერტიფიკატი ძალიან იშვიათად მოითხოვება – ეს ერთი. მეორე – როდესაც კომპანია სახელმწიფო შესყიდვების დროს ტენდერების დროს ISO სერტიფიკატს წარადგენს, მათგან ძალიან ბევრი ისეთი სერტიფიკატია, რომელიც საქართველოში არ არის გაცემული და სადღაც ისეთ ქვეყანაშია აღებული, სადაც მისი ნამდვილობა არაა რეალური. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვენახა სურათი, თუ როგორ, რა მდგომარეობაშია ამ თვალსაზრისით ჩვენი ბიზნესი და რა უნდა გაკეთდეს ცნობიერების ამაღლებისთვის. თუ ჩვენ სამშენებლო პროდუქციის თუ მომსახურების ხარისხის გაზრდა გვინდა, ამ სისტემების დანერგვა ნამდვილად საჭიროა.
ჩვენი კომპანია უკვე 20 წელზე მეტია ISO სერტიფიკატს ფლობს. სამშენებლო სექტორში ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც ეს სერტიფიკატი მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების დროს ამ დოკუმენტს ნაკლებად ვიყენებთ, ჩვენ ვხედავთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას. ჩვენი კომპანიის ხარისხი ყველასთვის ცნობილია. ეს ძალიან გვეხმარება რომ კომპანიამ მომხმარებლებს მაღალი სტანდარტის და ხარისხის მომსახურება თუ პროდუქცია შესთავაზოს”, – ამბობს “დიოს” მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი.