სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბიუჯეტო და ადამიანურ რესურსებს არარაციონალურად ხარჯავს – DRI

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) დაკვირვებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლების განმავლობაში იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც თავისი არსით, მის სამუშაო მიმართულებაში არ ჯდება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან შემხებლობა არ აქვს, რაც სამსახურის საბიუჯეტო და ადამიანური რესურსის არარაციონალურად ხარჯვას იწვევს. აღნიშნული განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს იმ ფონზე, რომ სუს-ის საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი არ ხორციელდება, – ამის შესახებ DRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.
„სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება უზრუნველყოფს შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს შორის სისხლის სამართლის საქმეთა განაწილებას მათი საქმიანობის მიმართულებებიდან გამომდინარე.
სახელმწიფოს აქვს ნებისმიერი დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების საჯარო ინტერესი, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, ეს უწყებები მკაცრად უნდა იყვნენ შეზღუდული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვით და არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არ არის.
ამის მიუხედავად, გენერალური პროკურორის ბრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანიჭებს ისეთი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მანდატს, რომლებიც, თავისი არსით, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს არ წარმოადგენს და სამსახურის საქმიანობის მიმართულებაში არ ექცევა. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ყველა სამოხელეო (მათ შორის, გაუფრთხილებლობით ჩადენილი) დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. გარდა ამისა, სამსახურის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშებიდან ცალსახაა, რომ ყველაზე მეტ დანაშაულს, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. ამასთან, სამსახურის ძირითადი რესურსი არა მსხვილი კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, არამედ, წვრილმანი კორუფციული დანაშაულის გამოძიებაზე იხარჯება.
გარდა გენერალური პროკურორის ბრძანებით სუს-ისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭებისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილი, საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს.
როგორც საჯარო ინფორმაციის ანალიზიდან ჩანს, გენერალური პროკურორი ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ხშირად იყენებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია: 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 1-ელ მარტამდე, სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით დაიწყო გამოძიება. მიღებული პასუხის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების საფუძველზეც, რომლებიც სისხლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების მიხედვით, მის ქვემდებარეობას არ განეკუთვნებოდა.
მაგალითად, დროის აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა: განზრახ მკვლელობის მომზადება (სსკ-ის 18-ე და 108-ე მუხლები); თვითმკვლელობამდე მიყვანა (სსკ-ის 115-ე მუხლი); ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (სსკ-ის 124-ე მუხლი); თაღლითობა (სსკ-ის 180-ე მუხლი). ყველა აღნიშნული დანაშაული საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება და გარკვეულ შემთხვევებში, ის შესაძლოა გამოიძიოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. თუმცა, ეს დანაშაულები, რომელთაც, ერთი შეხედვით, არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, სუს-მა გამოიძია.
ამასთან, ამავე პასუხის მიხედვით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქვემდებარეობის წესით გამოსაძიებლად გადმოიგზავნა ისეთი საქმე, როგორიცაა, კრედიტის უკანონოდ მიღება (სსკ-ის 208-ე მუხლი). აღნიშნული თავისი არსით, ასევე არ ექცევა სუს-ის საქმიანობის მიმართულებაში.
ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სტრუქტურული და დემოკრატიული რეფორმების გარდაუვალ აუცილებლობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.