ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვა უგუნური გადაწყვეტილებაა. ის დიდ ფინანსურ და საიმიჯო ზიანს აყენებს უნივერსიტეტებს.
საერთაშორისო რეიტინგებში უცხოელი სტუდენტების ყოლას მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან ეს ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენს რეიტინგის ქულებზე ისეთ პოპულარულ სისტემაში, როგორიცაა QS World University Rankings და Times Higher Education (THE) World University Rankings. უცხოელების მონაწილეობა ასახავს უნივერსიტეტის გლობალურ მიმზიდველობას, მრავალფეროვნებას და საერთაშორისო ორიენტაციას. რეიტინგების განსაზღვრისას ამ კომპონენტის ხვედრითი წილი დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენს. საქართველოში 27 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც საკმაოდ ბევრია. როგორც თავად მთავრობა აღიარებს, სახელმწიფო უნივერსიტეტები წელიწადში დაკარგავენ 80 მილიონ ლარს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბიუჯეტიდან პირველკურსელთა დაფინანსება შეადგენს 50 მილიონ ლარს, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლებს, ვიდრე უცხოელები იხდიან. ფაქტობრივად, უცხოელი სტუდენტები აფინანსებენ ქართველ სტუდენტებს და მასწავლებლებს, რადგან მათ მიერ გადახდილი ფული მნიშვნელოვან როლს თამაშეობს შრომის ანაზღაურების ზრდისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში. მთავრობა ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან აპირებს დამატებით 20 მილიონი ლარის გამოყოფას. ზიანი ორმაგი გამოდის ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც-შემოსავლების დაკარგვა და ხარჯების ზრდა.
აი, ასეთია ერთი მავნებლური გადაწყვეტილების მხოლოდ ერთი შედეგი. სხვა კუთხით განათლების “რეფორმის” ზიანი გაცილებით დიდია.




