ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო საწარმოების ფლობა ისეა დარეგულირებული, როგორც ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან იყო შეთანხმებული.
საქმე ისაა, რომ 2023 წელს IMF-თან მიმდინარე პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხი, მათ შორის, კომპანიების ფლობის საკითხი იყო.
როგორც გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, ამ ეტაპზე სახელმწიფო საწარმოების მფლობელობა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს შორის თანაბრადაა განაწილებული. თუმცა მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთი მფლობელობა ეფექტური არაა. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, სავალუტო ფონდთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს.
“სახელმწიფო საწარმოების ფლობაც ზუსტად ისე არის დღეის მდგომარეობით მთავრობის განკარგულებით დარეგულირებული, როგორც IMF-ის მისიასთან იყო შეთანხმებული – 50% ფინანსთა სამინისტროს და 50% ეკონომიკის სამინისტრო. თუმცა ეს სამსჯელოა, რამდენად სწორია ასეთი პრაქტიკა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიმართულება ეს იქნება, რაზედაც სავალუტო ფონდთან ვიმსჯელებთ, იმიტომ, რომ პრაქტიკამ მაინც აჩვენა, რომ არ არის მთლად ეფექტური 50%-იანი წილის გაყოფა.
შეიძლება ფინანსთა სამინისტროს როლი სხვა ნაწილში უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე აქციონერის ნაწილში და ამიტომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. არსებული პრაქტიკიდან შეიძლება კიდევ დამატებით კონსულტაციები გვქონდეს სავალუტო ფონდთან და ამის შემდეგ საბოლოო ჯამში, მივიღოთ გადაწყვეტილება ფლობაზეც და ფინანსთა სამინისტროს როლის სხვანაირად გაძლიერებაზეც”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.
