სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები შესაძლოა, საპენსიო სააგენტოსთვის საინტერესო იყოს – გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ მათთვის სამომავლოდ საინვესტიციოდ შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიც იყოს საინტერესო. ამის შესახებ bm.ge წერს.
როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, სახელმწიფო კომპანიების მიმდინარე რეფორმა მნიშვნელოვანია და შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციებითაც დაინტერესდნენ.
თუმცა მისი თქმით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში არსებული მოთხოვნების ფონზე, საპენსიო სააგენტოსთვის ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები ძირითადი მიმართულება ვერ იქნება.
„ჩვენთვის ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი ძალიან საინტერესოა. თუმცა ეს სააგენტოსთვის სტრატეგიული განთავსების მიმართულებაა არაა, რადგან ის შედარებით მცირე მოცულობისაა. თუკი გავითვალისწინებთ საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნებს და კონცენტრაციის ლიმიტებს, ეს ბაზარი ჩვენთვის კიდევ უფრო ვიწროვდება. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების რეორგანიზაციის პროცესი ძალიან კარგია და მათი ობლიგაციები შესაძლოა, ჩვენთვის საინტერესო იყოს, გააჩნია ობლიგაციის საკრედიტო ხარისხს, მოცულობას, მომგებიანობას. ნებისმიერი ემისია, რაც ბაზარზე გამოვა, ეს იქნება კომერციული ბანკის, კორპორაციის თუ კარგი, ჯანსაღი სახელმწიფო კომპანიის, ჩვენ დიდი ინტერესით შევხედავთ“, – განაცხადა გოგა მელიქიძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს გეგმაა, რომ სახელმწიფო საწარმოებმა, რომელთაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, ადგილობრივ ბაზარზე ლარის ობლიგაციები გამოუშვან. როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო კომპანიების კაპიტალის ბაზარზე გასვლის მიზანი მათთვის სავალუტო რისკების შემცირება და დადებითი ფინანსური მაჩვენებლების შენარჩუნებაა.
წყარო: bm.ge