სახელმწიფო საწარმოების გამო ბიუჯეტი ყოველწლიურად $1 მილიარდით ზარალდება – რამაზ გერლიანი

სახელმწიფო საწარმოების გამო ბიუჯეტი ყოველწლიურად $1 მილიარდით ზარალდება – რამაზ გერლიანი
სახელმწიფო საწარმოების გამო ბიუჯეტი ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარით ზარალდება,- ამის შესახებ ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა. გერლიანი აღნიშნავს, რომ გარდა მილიარდიანი ზარალისა, სახელმწიფო საწარმოები თავისუფალ ბაზარს ზღუდავენ შრომის, მომსახურებისა და საქონლის მიწოდების მიმართულებით.
,,პირველ რიგში, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გაჭიანურებისა და ზარალიანობის მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფო საწარმოები რჩებიან სახელმწიფო მართვაშია, ვერ მოხერხდა მათი განკერძოება. არაეფექტიანობა მენეჯმენტის მიმართულებით. შესაბამისად, გვაქვს არა მხოლოდ ის ზარალი, რაც ოფიციალურად არის მოცემული, არამედ, მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად. პლუს, ეს კომპანიები, პრაქტიკულად, თავისუფალ ბაზარს ზღუდავენ, შრომის ბაზრიდან დაწყებული, მომსახურებითა თუ საქონლით დამთავრებული, რასაც ქმნიან და აწვდიან ბაზარს”,- აღნიშნა გერლიანმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების წაგებიანობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თავის დროზე აღნიშნული კომპანიები არ განკერძოვდა. რკინიგზის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო საწარმოების ფასიანი ქაღალდები საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ.
,,როგორ შეიძლება, საქართველოს რკინიგზა იყოს წაგებიანი და ისეთ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც დღეს არის?! დარწმუნებული ვარ, კერძო ხელში ზემომგებიანი სტრუქტურა გახდება.
რკინიგზა იქნება თუ ნებისმიერი მსხვილი თუ წვრილი სახელმწიფო კომპანია, უნდა გარდაიქმნეს სააქციო საზოგადოებად, სააქციო საზოგადოების შესაბამისი ფასიანი ქალაღდები საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ. შემდეგ ეფექტიანი მართვისთვის დაუკავშირდნენ უცხოელ პარტნიორებს, რომელთაც გააჩნიათ სააქციო საზოგადოების მართვის გამოცდილება. მართვა მოხდება ზუსტად ისე, როგორც პირობითად, „ეფლი“ მართავს თავის კომპანიას, „გუგლი“ და მრავალ ქვეყანაში როგორც მართავენ რკინიგზის კომპანიებს.
სხვა შემთხვევაში, პაკეტის ნებისმიერ უცხოელ თუ ადგილობრივ სუბიექტზე გადაცემა, შავბნელი გარიგების საფუძვლიან ეჭვებს გამოიწვევს”,- აღნიშნა რამაზ გერლიანმა “კომერსანტის” ეთერში.